უსული – ძველი ქსოვილის ახალი სიცოცხლე | ინტერვიუ მაკა ნოსელიძესა და სოფო ლაპიაშვილთან

გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვის ახალი სისტემა და თითქოს გამოუყენებელისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება – ჩამოთვლილი ეკომეგობრული მიდგომები ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი გიგანტური თუ პატარა კომპანიის ინსპირაციის წყარო გახდა.

მოდის ინდუსტრია ერთ-ერთი პირველია, რომელიც ჭარბი წარმოებით, ნარჩენების დიდი რაოდენობით დაგროვებითა და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურებით გამოირჩევა. სწორედ ამ გამოწვევის მიღება გადაწყვიტეს ახალი ქართული სტარტაპის – ,,უსულის“ – დამფუძნებლებმა. მაკა ნოსელიძე და სოფო ლაპიაშვილი Forbes Woman Georgia-სთან ინტერვიუში მკითხველს უზიარებენ, როგორ ქმნიან ნარჩენი ნაჭრებისგან ახალ პროდუქციას.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

უსულის კონცეფცია

უსული ძველქართული სიტყვაა და ლამაზს, მოხდენილს ნიშნავს. როგორც ბრენდის დამფუძნებლები გვიზიარებენ, სტარტაპისთვის ამ სახელის შერჩევა ჟღერადობისა და მნიშვნელობის გამო გადაწყვიტეს, ამასთან, სახელი მათ შეკერილ ფერად ფეხსაცმელებს ძალიან უხდებოდა.

დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ მათი მეგობარი დიზაინერების სამკერვალოებში დარჩენილი მეორეული ნაჭრებისგან რაიმე ღირებული შეექმნათ. საბოლოოდ კი, 2020 წლის იანვარ-თებერვალში მორჩენილი ტყავისა და ნაჭრებისგან ფეხსაცმელების შეკერვა გადაწყვიტეს. პირველი საცდელი მოდელი პანდემიის დაწყებამდე დაამზადეს, შემდეგ კი, რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერება მოუწიათ. ამ შემთხვევაში, ეპიდემიის გავრცელებამ „უსულზე“ დადებითი ეფექტიც კი იქონია და მის დამფუძნებლებს იდეის დასახვეწად მეტი დრო გამოუჩნდათ.

„გვინდა, რომ ოჯახები გადავიღოთ. გადავწყვიტეთ, ყველა თაობა – ბებია, შვილი და შვილიშვილი მოვიცვათ. ამას ორი დატვირთვა ექნება – პირველ რიგში, ჩვენი ფეხსაცმელები შეიძლება ნებისმიერმა მოირგოს და მეორე, ნარჩენების მართვა და ეკოლოგია ყველა თაობის პრობლემაა.“

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

სირთულეები

„უსულის“ დამფუძნებლებისთვის პირველი სირთულე კარგი მეწაღის პოვნა აღმოჩნდა. იხსენებენ, რომ არ აწყობდათ ხარისხი, მიდგომა, ფასი.

„ბევრი მეწაღე ძალიან კარგად კერავს, მაგრამ ისინი სტანდარტული ფეხსაცმლის კერვას არიან მიჩვეულნი –  ძირითადად ტყავსა და ერთი, მთლიანი ქსოვილისგან დამზადებულ ფეხსაცმელზე მუშაობენ. ჩვენ შემთხვევაში მთავარი სირთულე იყო ის, რომ რამოდენიმე ნაჭრის კომბინაცია გვაქვს. ზოგი გვეუბნებოდა, რომ ნაჭრისგან ფეხსაცმელი საერთოდ ვერ შეიკერება, ზოგიც ამბობდა, რომ დიდი დრო სჭირდებოდა ამ ყველაფერს და არ უღირდათ. 5 თვის განმავლობაში ქუთაისის სამკერვალოებიდან დაწყებული კოლმეურნეობის მიწისქვეშეთით დასრულებული, ყველგან ვეძებდით მეწაღეს. ახლა, საბოლოოდ, ერთ სახელოსნოზე შევჯერდით.“

მეორე სირთულე „უსულისთვის“ პანდემიის პირობებში სამუშაო მასალაზე ხელმისაწვდომობა აღმოჩნდა. რაიმე დეტალის ან აქსესუარის ამოწურვის შემთხვევაში, მათ ვეღარ ყიდულობდნენ. ამასთან, მათ მეგობარ დიზაინერებს შეკვეთები და, შესაბამისად, ნარჩენებიც შეუმცირდათ. როგორც თავად ამბობენ, სჯერ სამუშაოდ საკმარისი მასალა აქვთ და იმედოვნებენ, რომ ვითარება მალე დალაგდება და ყველა აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს მხოლოდ უარყოფითი ეფექტი არ ჰქონია სტარტაპზე. „უსულის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ ინტერნეტით ვაჭრობის დაწყება გეგმაში ისედაც ჰქონდათ, სავაჭრო ობიექტების დაკეტვის შემდეგ კი, საზოგადოება ვაჭრობისთვის სოციალურ მედიას ძალიან აქტიურად იყენებს, რაც მათთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდიც ჩაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი კოლექცია ჯერ დასრულებული არ ჰქონდათ, მომხმარებლებისგან საკმაოდ დიდი დაინტერესება წამოვიდა.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

პროდუქცია

„უსულში“ ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა – უშუალოდ ნარჩენი ნაჭრისა და ტყავისგან და ძველი გადასაფარებლებისგან, რომელთა ასაკი 60 წელს აღწევს, შეკერილი ფეხსაცმლები და ჩექმები. როგორც თავად ამბობენ, ძველი საბნების დამატების იდეაც ნარჩენების სწორად მართვის მიდგომიდან გაუჩნდათ – მძიმე შალის გადასაფარებლებს ბევრი ყრის, ამიტომ მათთვისაც ახალი სიცოცხლის მიცემა გადაწყვიტეს. თანაც, 100%-იანი შალისგან გაკეთებული ჩექმა ან ფეხსაცმელი ამ სეზონისთვის სრულიად შესაფერისი იქნებოდა,

ჩანახატის შექმნა, მოდელის შერჩევა, მისი აწყობა ფერებისა და მასალის მიხედვით, მეწაღის მიერ თარგის მოჭრა, შეკერვა – ამ გზას გადის სტარტაპის თითოეული ფეხსაცმელი, სანამ მომხმარებლამდე მივა. დიახ, თითოეული, რადგან შერჩეული კომბინაცია, ფერთა და ქსოვილთა შეხამება ყველა ზომასა და მოდელზე ინდივიდუალურადაა მორგებული.

„ერთნაირი მოდელები არ გამოგვდის. ნარჩენი ნაჭრებისა და ტყავის თითოეული სახეობა დიდი რაოდენობით არ გვაქვს, შალის ძველი გადასაფარებლებიც სხვადასხვანაირია – ზოგი მწვანეა, ზოგი ბორდოსფერი და სტაფილოსფერი. ჩვენს ფეხსაცმელს რომ შეიძენთ, თქვენნაირი სხვას არ ექნება და სწორედ ეს ხიბლავს მომხმარებელსაც.“

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

სამომავლო გეგმები

„უსულის“ პირველი კოლექციის გამოსვლის შემდეგ, ბრენდის დამფუძნებლები ფეხსაცმლის მოდელებისა და ქსოვილების მრავალფეროვნების შემოტანას გეგმავენ. აქვთ ახალი ჩანახატები და იდეები, თუმცა აღნიშნავენ, რომ არსებული შეზღუდვების გამო, ეს პროცესი ოდნავ შეფერხებულია. კოლექციაში არც საბავშვო ხაზისა და სხვა გამოყენებითი ნივთებისა თუ სამოსის აქსესუარების დამატებას გამორიცხავენ, მთავარია მოვლენების განვითარებამ შეუწყოთ ხელი.

ამასთან, ამბობენ, რომ მათი თავდაპირველი იდეის განხორციელებაზე კვლავ ფიქრობენ – ,,უსულის’’ პირველი იდეა ფეხსაცმელები არ ყოფილა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს ნივთი ბევრად ლიმიტირებული მოხმარების არის, ფართო მასის მოსაცველად კი საბოლოოდ ფეხსაცმელზე შეჯერდნენ. დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა საიდუმლო პროდუქციის პირველი მოდელის შექმნის ისტორიას იხსენებენ.

„ის რამდენიმე ჩვენმა მეგობარმა მამაკაცმა ნახა. გვთხოვეს, მათთვისაც გაგვეკეთებინა და გვითხრეს, რომ ჩაიცვამდნენ. თუმცა, არა მგონია, ეს ფართო მომხმარებლისთვის მიმზიდველი იყოს, რადგან  მამაკაცები ამ მხრივ მეტად პრეტენზიულები არიან.“

„უსულის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ნივთი მეტად ექსკლუზიური იქნება და მას საზოგადოება მალე აუცილებლად იხილავს.