დასაქმებულების მიმართ დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონი LGBTQ+ საზოგადოებაზეც გავრცელდება. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო უფლებების აქტში ცვლილებები შევიდა.
1964 წელს მიღებული სამოქალაქო უფლებების აქტის მიხედვით, დაუშვებელია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესისა და წარმოშობის მიხედვით.
ბოლო პერიოდში სასამართლოში 3 შემთხვევა განიხილებოდა LGBTQ+ იდენტობის დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული აქტის მე-7 თავი კრძალავს დისკრიმინაციას სქესის მიხედვით, თუმცა იგი არ ვრცელდება გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე. საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
თემაზე კომენტარი მოსამართლე ნილ გორსაჩმა გააკეთა: „პასუხი ნათელია. ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერობის გამო ნიშნავს გათავისუფლებას იმ პიროვნული მახასიათებლებისა და მოქმედებების მიხედვით, რომლებიც არ დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ სხვა სქესის წარმომადგენლის შემთხვევაში. აშკარაა, რომ სქესი უდავო როლს ასრულებს მე-7 თავით დადგენილ აკრძალვაში.“
გადაწყვეტილების მომხრეების არგუმენტით, სქესის ცნება მოიცავს არა მხოლოდ გენდერს, არამედ სექსუალურ ორიენტაციასაც. მოწინააღმდეგეები კი საკითხს განიხილავენ იმის მიხედვით, ეხება თუ არა უკვე არსებული კანონი ამ ტიპის დისკრიმინაციას.
„1964 წელს დისკრიმინაცია სქესის გამო სულაც არ ნიშნავდა დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის და მით უმეტეს, გენდერული იდენტობის გამო“ – წერს სამუელ ალიტო, რომელთან ერთად გადაწყვეტილებას ეწინააღმდეებიან კონსერვატორი მოსამართლეები ბრედ კავანო და კლერენს ტომასი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის LGBTQ+ საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა 2015 წელს ერთნაირქესიანთა ქორწინების დაკანონების შემდეგ.