აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სტუდენტური ვიზის ვადის გასვლის თარიღს მკაცრად გააკონტროლებს. ჟურნალ Federal Register-ში გაკეთებულ განცხადებაში დეპარტამენტი იუწყება, რომ ვიზების უმეტესობას ვადა 4 წლის შემდეგ გაუვა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენწლიან პროგრამაზეა ჩარიცხული სტუდენტი ან რამდენი წელი სჭირდება მას სწავლის დასასრულებლად.
საერთაშორისო სტუდენტებს შუა აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან კი სასწავლო ვიზა 2 წლამდე შეუმცირდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანაში შემოსული სტუდენტების კონტროლს ასახელებს. ხშირად, უცხოელი სტუდენტები განუსაზღვრელი ვადით სარგებლობენ სასწავლო ვიზით და რჩებიან აშშ-ში, რაც დეპარტამენტის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
თუკი სტუდენტს მოცემულზე მეტი დრო დასჭირდება სწავლის დასასრულებლად, ხელახლა მოუწევს განაცხადის შეტანა ახალ ვიზაზე ან ძველი ვიზის გასაგრძელებლად.
წარდგენილმა ცვლილებამ 30 დღიანი საკანონმდებლო ცვლილების გატარების პერიოდი უნდა გაიაროს. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების ფორმალურად განხორციელება გართულდება.