ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ხელისუფლებისა და სასამართლოს რამდენიმე წარმომადგენელი შავ სიაში შეიყვანა. მიზეზად ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა, კონკრეტულად კი ირანელი მოჭიდავის სიკვდილით დასჯა დასახელდა.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლე საიდ მაჰმუდ სადათს, მოსამართლე მუჰამედ სოლტანს, შირაზის რევოლუციური სასამართლოს ფილიალ 1-სა და ადელ აბადის, ორუმიესა და ვაკილაბადის ციხეებს.
მოჭიდავე ნავიდ აფქარის სიკვდილით დასჯა უკავშირდებოდა 2018 წლის ინციდენტს, როდესაც ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე სპორტსმენმა დაცვის თანამშრომელი სასიკვდილოდ დაჭრა.
მაიკ პომპეოს განცხადებით, განაჩენის გამოტანამდე მოჭიდავეს სასტიკად უსწორდებოდნენ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ადელ აბადის ციხეში.
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მოუწოდა ირანს ამ დროისათვის დაკავებული სამი ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნებისაკენ.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ბირთვული იარაღის პროგრამაში. ამ ნაბიჯით აშშ-მ მხარი დაუჭირა თეირანისთვის გაეროს მიერ დაწესებულ სანქციებს.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2018 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცალმხრივად გამოეთიშა ბირთვულ შეთანხმებას და ირანისთვის სანქციების დაწესება განაახლა.