ამერიკელი სენატორები ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

აშშ-ს სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა ალექსეი ნავალნის მოწამლვის  გამო რუსეთის ხელისუფლებისადმი სანქციების დაწესების მოთხოვნა წამოაყენა. ამ საკითხზე ინფორმაციას დემოკრატი სენატორის, კრის კუნსის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

Photo Credits to Tasos Katopodis/Getty Images

სენატორებმა კრის კუნსმა, მარკო რუბიომ, ბენ კარდინმა , მით რომნიმ და კრის ვან ჰოლენმა სენატს კანონპროექტი წარუდგინეს, რომელშიც რუსეთს ჩადენილი საზიანო ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის აღების ვალდებულებას უყენებენ. სენატორები რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლაში  და ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებენ ბრალს, რაც საერთაშორისო კანონდარღვევა. მათ მიერ წარდგენილი პეტიციის მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესება და პუტინისა და მისი წრის პირადი ქონების სრული აღწერაა.

„პუტინის ხელისუფლებას რეჟიმის კორუფციასა და ძალადობაში მამხილებელი რუსეთის მოქალაქეების გასაჩუმებლად მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის იარაღად გამოყენების გრძელი და ჭუჭყიანი ისტორია აქვს. რუსეთი აგრძელებს უხეშად ჩარევას ჩვენს არჩევნებში და მავნებელ საქმიანობას ეწევა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი, უკრაინა და სირია, რაც მსოფლიოს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ეს ორპარტიული მოთხოვნა პუტინისა და მისი წრის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ისახავს მიზნად“- წერს კუნსი.

„თავდასხმა ალექსეი ნავალნიზე კარგად წარმოაჩენს პუტინის რეჟიმის კორუფციასა და უკანონობას. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ ამ ლაჩრული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც განსხვავებული აზრის მქონეთა გაჩუმების და ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის ჩახშობის აშკარა მცდელობა იყო,“-აცხადებს სენატორი მით რომნი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი  20 აგვისტოს ფრენისას ციმბირის ქალაქ ომსკში შეუძლოდ გახდა. ომსკიდან ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც  ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ნავალნი საბჭოთა საწამლავით, ნოვიჩოკით, იყო მოწამლული.