საერთაშორისო სტუდენტებს აშშ-ში დარჩენა კვლავაც შეეძლებათ, – ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათ წინა გადაწყვეტილებას უნივერსიტეტებისა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ამდაგვარ გადაწყვეტილებას ქვეყნის წამყვანმა უნივერსიტეტებმა – „ჰარვარდმა“ და „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა“ – საჩივრით უპასუხეს, რომელსაც სულ მალე, ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე თვრამეტმა პროკურორმა დაუჭირა მხარი.
„ყოველი ჩვენგანი აცნობიერებს იმ ფასეულობას, რომელსაც საერთაშორისო სტუდენტები ჩვენი კამპუსებისათვის, ერისა და მსოფლიოსათვის წარმოადგენენ. ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ კოლეჯები და უნივერსიტეტები, საკუთარი მიზნების აღსრულების გზაზე, სტუდენტების, პროფესორებისა და პერსონალის ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდნენ. მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს და ამასთან ერთად, გადაწყვეტილებები მეცნიერული დასკვნების მოშველიებით ისე უნდა მივიღოთ, რომ ამით არც ინდუსტრია დაზარალდეს და არც – საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“, – ნათქვამია „ჰარვარდის“ პრეზიდენტის, ლოურენს ბექოუს განცხადებაში.
რეკომენდაცია, რომელიც აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა გასულ კვირას გასცა ამერიკის იმ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს ეხებოდა, სადაც მომავალი სასწავლო წლიდან აუდიტორიული მეცადინეობების ნაცვლად პროცესი ონლაინ ჩატარდებოდა.