ამერიკის საფონდო ბირჟის ყველა წამყვანი ინდექსი რეკორდულად დაეცა

დოუ ჯონსის საფონდო ინდექსი, რომელიც აშშ-ს სამრეწველო პერფორმანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, თითქმის 3000 პუნქტით დაეცა. ეს რიცხვი ისტორიაში სიდიდით მეორეა, 1987 წლის კრიზისის შემდეგ.

უფრო ზუსტად, დოუ ჯონსის ინდექსი 2997 ნიშნულით გაუარესდა, რაც პროცენტულად 12.9%-ს შეადგენს. ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ინდექსი, სულ რამდენიმე დღის წინ – 12 მარტს, ასევე ისტორიულად – 10%-ით შემცირდა.

დოუ ჯონსის მსგავსად, მნიშვნელოვნად დაიკლო სხვა გავლენიანი ინდექსების მაჩვენებლებმაც – S&P 500 -12%, ხოლო Nasdaq -12.3%.

საბაზრო ინდექსების საგრძნობი გაუარესება, ძირითადად, კორონავირუსის პანდემიასთანაა დაკავშირებული. მაჩვენებლების ცვლილების დინამიკა აშკარა თანხვედრაშია კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებთან. 12 მარტის რეკორდული ვარდნა, რომელიც ისტორიაში „შავი ხუთშაბათის“ სახელით შევა, აშშ-ს მიერ შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის 30 დღიანი აკრძალვის შედეგია, ხოლო გუშინდელი კოლაფსი პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეიძლება ივლის-აგვისტოს ბოლომდე ვერ მოხერხდეს.

დოუ ჯონსის ინდექსი ბოლო ერთი თვის განმავლობაში