აშშ ჩინელ მაღალჩინოსნებს ვიზაზე შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს ვიზაზე სანქციებს უწესებს. აღნიშნული პირები ჰონგ-კონგის თავისუფლების მთავარ მტრებად მიიჩნევიან.  პომპეომ განაცხადა, რომ სანქციები მიმართულია ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნებისკენ.

გადაწყვეტილება მოჰყვა ტრამპის განცხადებას, რომ ის დასჯიდა პეკინს ჰონგ-კონგის ავტონომიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც საბოლოოდ, უსაფრთხოების კანონში გამოიხატა.

ჩინეთი აცხადებს, რომ ამერიკის გადაწყვეტილება შეცდომაა, რომელიც აშშ-მ უკან უნდა წაიღოს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მიერ დაანონსებული უსაფრთხოების კანონი ითვალისწინებს საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოების გახსნას ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე და მათი სამართლებრივი ავტონომიის საგრძნობლად შეზღუდვას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჰონგ-კონგში ახალი საპროტესტო ტალღის გაღვივება მოჰყვა.

ჩინეთის საელჩო უკმაყოფილოა აშშ-ის გადაწყვეტილებით. მათი განცხადებით, ამერიკამ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა და შეწყვიტოს ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, პეკინი სრულიად ცვლის დაპირებულ ფორმულას „ერთი ქვეყანა – ორი სისტემა“, „ერთი ქვეყანა, ერთი სისტემის“ სახით. „ეს კი ტრაგედიაა ჰონგ-კონგისთვის“.