ივნისში აშშ-ის ფედერალური მთავრობის თვიური საბიუჯეტო დეფიციტის რეკორდული მაჩვენებელი, 864 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ძირითადად მთავრობის მხრიდან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესსა და სამსახურის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დახმარებების შედეგია.
აშშ-ის წლიურმა დეფიციტმა კი შესაძლოა ჯამში 3.7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინოს. ბოლოს, ასეთი მაღალი მაჩვენებელი შტატებში მეორე მსოფლიო ომის დროს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის საბიუჯეტო დეფიციტმა მხოლოდ 1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მთავრობის ხარჯებმა 1.11 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, როდესაც მაისის თვეში საერთო დანახარჯი 572 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავდა. ივნისში სახელმწიფო დანახარჯების ასეთი ზრდა სახელფასო ანაზღაურების დაცვის პროგრამას (Paycheck Protection Plan) უკავშირდება. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა შესანარჩუნებლად მცირე კომპანიებისთვის სესხების ნაწილი გადავადდა ან ანულირდა. უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე გაცემულმა დახმარებებმა კი, მხოლოდ წინა თვეს 116 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, როდესაც წინა წლის ივნისში მხოლოდ 2 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავდა.
ამჟამად შტატებში უმუშევრობა ოფიციალური მონაცემებით 11.1%-ია, თუმცა ეკონომისტები უფრო მაღალ მაჩვენებელსაც არ გამორიცხავენ. მიუხედავად ბიუჯეტის რეკორდული დეფიციტისა, კონგრესი ზაფხულამდე დამატებით 1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს.