ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე სიტუაცია კვლავ გაუარესდა

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაანონსებული 1 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის მიუხედავად, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებმა კვლავ დაიკლო. დოუ ჯონსის ინდექსი, რომელიც აშშ-ს 30 უმსხვილესი კომპანიის პერფორმანსის გათვალისწინებით ითვლება, 1300 პუნქტით შემცირდა, რაც პროცენტულად 6%-იანი კლებაა.

თეთრი სახლის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური სტიმული, თავისი მასშტაბით, მხოლოდ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს გაწეულ ხარჯებს ჩამოუვარდება. როგორც ჩანს, დახმარების პაკეტის დაანონსებამ, მხოლოდ ერთჯერადი შედეგი გამოიღო და დოუს ინდექსის გუშინდელი 4.93%-იანი ზრდის მიუხედავად, აქციების ფასების გრძელვადიანი მატება ვერ უზრუნველყო.

დახმარების პაკეტის პირველი ეტაპი აშშ-ს თითოეული სრულწლოვანი მოქალაქისათვის 1000$-იანი ჩეკების დარიგებას გულისხმობს, რაზეც 250 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.