ქალი მეწარმეები და USAID-ის მხარდაჭერა

ბიზნესის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ქალთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება სამეწარმეო სფერო, რომელშიც დამსაქმებელი ქალების წილი მამაკაცებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2015-2018 წლებში მიკრო და მცირე სამეწარმეო ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 9 380 ადამიანი დაფინანსდა, მათ შორის 3783 ქალი, რაც მთლიანი რაოდენობის 40%-ია.

მეწარმეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მეწარმეობის წახალისება, ამიტომაც თეთრი სახლის ფონდისა და USAID-ის ინიციატივით წამოწყებული პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართველ ქალ მეწარმეებს ეკონომიკურ გაძლიერებაში. პროგრამა ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და აძლიერებს ახალგაზრდებსა და ქალებს საქართველოში.

პროექტის ფარგლებში შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით YES-Georgia სწორედ ახალგაზრდებისა და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს, ხოლო 2024 წლისთვის 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნესის სერვისებზე.

საქართველოში USAID-ის პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, Forbes Woman Georgia დაინტერესდა, ამ დროის განმავლობაში რამდენად გაიზარდა ქალთა ჩართულობა მეწარმეობის სფეროში, რაზეც  პროექტის „YES-Georgia“ ხელმძღვანელმა, ნინო ლაგვილავამ გვიპასუხა:

2016 წლიდან დღემდე YES-Georgia-ს პროგრამის მიერ შექმნილ „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ 3000-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა, მათ შორის 2000-მდე განაცხადი იყო ახალგაზრდა ქალებისგან. სულ სკოლა დაამთავრა 881 ახალგაზრდამ, მათ შორის იყო  416 ახალგაზრდა კაცი და 465 ახალგაზრდა ქალი. მიუხედავად ქალთა თანაბარი მონაწილეობისა ტრენინგებში, პროგრამის ბოლო ეტაპზე, როდესაც ბიზნეს პროექტების შემუშავების დრო დგებოდა, ქალთა მონაწილეობა მცირდებოდა: თანადაფინანსების ფარგლებში შექმნილი  55 მიკრო-საწარმოდან, რომელთაგან დღეისათვის 46-ია აქტიური, მხოლოდ 16 ეკუთვნის ქალებს. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ ქალთა მეწარმეობის განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული და შეეცდება უპასუხოს იმ გამოწვევებს და ბარიერებს, რომელთაც დღესდღეობით ქალები აწყდებიან მეწარმეობის განვითრების კუთხით.“

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩაერთვებიან რეგიონში მცხოვრები ქალებიც, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური კომპონენტი – ბაზ-საქართველო, რომლის მიზანია სამეწარმეო და ბიზნეს-განათლება საქართველოს რაიონებსა და სოფლებში მცხოვრებ ქალთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს.

„რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ტრენინგები ჩაუტარდებათ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფინანსური განათლება (დანაზოგი, ფინანსური დაგეგმარება), ურთიერთთანამშრომლობა, ბიზნეს-უნარები და პერსონალური განვითარება. ამ კომპონენტში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ ქალს.“

გარდა ამ ყველაფრისა, უპრეცედენტო შემთხვევაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრამაში.

 „მათ ჩვენ ყველანაირ პირობებს ვუქმნით, რათა მოახერხონ ტრენინგებზე დასწრება – ვაფინანსებთ ტრანსპორტის, კვებისა და სასტუმროში დარჩენის თანხებს, მათთვის საგანგებო პროგრამაც კი შევქმენით პირველ წელს, რომ გაადვილებოდათ ტრენინგებზე დასწრება. უმეტესად, მათთვის ტრენინგებს ზუგდიდსა და ქუთაისში ვატარებთ. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება ძალიან ჭირს, მათთან ინფორმაციის მიტანისთვის ვიყენებთ სხვადასხვა არხებს, თუმცა კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ახალგაზრდა გაიგებს ჩვენი პროგრამის შესახებ.“

საქართველო ევროპის 14 ქვეყანას შორის ერთ-ერთი უპირველესია, რომელიც ამ დაფინანსებით ისარგებლებს. ამჟამად გამოცხადებულია მიღება „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ  ახალგაზრდას შეუძლია 16-28 წლის ასაკთა კატეგორიაში. მთავარია მონაწილეს ჰქონდეს ბიზნესიდეა ან იყოს დამწყები მეწარმე.  ტრენინგ-კურსებზე საუკეთესო ბიზნესპროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალისგან და ორი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში მენტორის მხარდაჭერას. ისინი ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში, აქციებში, სემინარებსა თუ მედიაკამპანიებში.

პროგრამის ფარგლებში ყველას შეეძლება, გადაწყვიტოს ადამიანების წინაშე არსებული რეალური პრობლემები, გახდეს მეწარმე და იპოვოს საკუთარი უნიკალური ადგილი ამ სამყაროში.