ბიზნესის განვითარებისათვის კვალიფიციურ კადრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოწვევებს ამ მიმართულებით თითქმის ყველა სექტორში ვხვდებით, მათ შორისაა ჯანმრთელობის დაცვაც, სადაც ექთნების რაოდენობრივი სიმცირისა და კომპეტენციების პრობლემა, განსაკუთრებით მწვავეა.
ექთნების პროფესიული განვითარების მიზნით, „ვიანმა”, USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამასთან ითანამშრომლა და „საექთნო მენეჯმენტის“ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
ინიციატივის ფარგლებში, საექთნო საქმიანობის პროფესიული განვითარების ახალი სქემა დაინერგა, რომელიც დამსაქმებლის საჭიროებებს უპასუხებს.
„საკადრო დეფიციტის პრობლემა თითქმის ყველა სფეროში მწვავედ დგას, თუმცა ყველა მენეჯერს განსაკუთრებით თავისი დარგი აღელვებს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, საექთნო მომსახურება დიდი გამოწვევაა. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია ამ მიმართულებით კადრების დეფიციტი“ – აღნიშნავს „ვიანის“ დირექტორის მოადგილე.
ეკა ქავთარაძის თქმით, პრობლემა საჭირო რაოდენობის არ არსებობასთან ერთად არსებული კადრების კომპეტენციაც არის. „ერთი მხრივ, საკადრო დეფიციტია და საშუალოდ, მინიმალურ სტანდარტთან შედარებით 1.5-ჯერ ცოტაა და მეორე მხრივ, ძალიან პრობლემურია კომპეტენციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ საექთნო საქმიანობის მიმართულებით სასწავლო პროგრამების განხორციელება 2012 წლიდან დავიწყეთ, რითაც კადრის პროდუქტიულობას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ვზრდით. ამის მიუხედავად მენეჯმენტის მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა პროგნოზი, რომ დეფიციტური ვითარება დადგებოდა.“ – განაცხადა ეკა ქავთარაძემ.
„ვიანისა” და USAID-ის პარტნიორობა მიზნად უნარების განვითარების სისტემაში, კერძო სექტორის ჩართულობის ახალი მოდელის დანერგვას ისახავდა. „საექთნო მენეჯმენტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 17 საავადმყოფოს, 250 მედდა გადამზადდა. დამსაქმებლის ჩართულობით განხორციელებული პროექტის შედეგად, დაინერგა საექთნო მენეჯმენტის ახალი სქემა და გაიზარდა მოქმედი ექთნების ახალ პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობა. კომპანიის მესვეურთა განცხადებით, ეს ინიციატივა ხელს კომპანიაში მომსახურების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს .
„USAID-ის ეს დახმარება სექტორისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საექთნო მიმართულებაზე დგას ხარისხის ინდიკატორების 70%. ძალიან ლოგიკურად დაიწყო პროექტის პირველი ეტაპი, როდესაც მოვამზადეთ ტრენერები, მენეჯერები, რომლებიც კომპლექსურად, კონკრეტულ გუნდებზე არიან პასუხისმგებელნი.“ – განაცხადა ეკა ქავთარაძემ.
„საექთნო მენეჯმენტის“ პროექტისთვის USAID-ის მიერ გაცემული ინვესტიცია 30 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა „ვიანის“ მენეჯმენტის განცხადებით, პროექტის განხორციელებისთვის ინვესტიცია კომპანიამაც განახორციელა.
„რაც შეეხება მეორე გრანტს, ის გაცილებით დიდია, რადგან გულისხმობს პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებას გაცილებით მეტი ექთნისთვის. USAID-ის მხრიდან ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 700 000 დოლარია. ამას ემატება „ვიანის“ ფინანსური თანამონაწილეობაც. ჩვენი სურვილია გადამზადების პროცესში 3 000-მდე ექთანი ჩავრთოთ, თუმცა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ექთნების მოტივაციასაც. საბედნიეროდ მათი მხრიდან მზაობა დიდია. პროექტის განხორციელებას 2023 წლის ბოლოს დავიწყებთ.“- განმარტავს „ვიანის“ დირექტორის მოადგილე.