USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და ამ დროისთვის, ყველა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულებულია. პროგრამის შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელმა, ირინა წეროძემ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
„ამჟამად ყველა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულებულია. როგორც იცით, ჩვენი პროგრამა, კერძო სექტორთან ერთად თანაინვესტირებას ახორციელებს უნარების განვითარების ინოვაციურ პროექტებში. განვლილი ორი წლის მანძილზე, ჩვენ მივიღეთ 400-ზე მეტი საინტერესო ინიციატივა, როგორც კერძო კომპანიებიდან, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ჩვენი საგრანტო სქემა ეფუძნება 1:1 თანაფარდობას და შესაბამისად აპლიკანტების მხრიდან ინვესტიციის მზაობამ 100 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც უპრეცედენტო მასშტაბია“ – ამბობს ირინა წეროძე.
USAID-ის პროგრამის მიზანია დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების გზით. ამასთან, პროგრამა ხელს უწყობს ისეთი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობის შექმნას, რომლებიც რეგულირებადია ახლა ან მომავალში; ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც მომავლის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ქმნის ტრენინგ ცენტრების ფუნქციონირების მდგრად შესაძლებლობებს, ფოკუსირებულია მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, როგორც ქალაქებში ასევე სოფლად.
„პროგრამის ფარგლებში, 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტია უკვე დაფინანსებული. საქართველოში ასეთი მასშტაბური პროგრამა, რომელიც ბიზნესის ჩართულობის ასეთ რესურსებს ითვალისწინებდა, პირველად განხორციელდა. ჩვენ არაერთ დამსაქმებელს მივეცით საშუალება ეპარტნიორა საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან ან გაეხსნა თავისი ტრენინგ ცენტრი, სადაც მომზადების შემდეგ, სტუდენტებისთვის დასაქმების გაზრდილი შესაძლებლობა იქმნება. აღსანიშნავია, რომ კომპანიების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არაფორმალური განათლების სივრცეში დარჩენას ამჯობინებს. შესაბამისად, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ბიზნესის, ფორმალური განათლების მთლიან ციკლში ჩართულობა“ – ამბობს ირინა წეროძე.