პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 14 აპრილს* თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
ტრამპის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საბაზისო მისიასაც კი ვერ გაართვა თავი, რის გამოც პასუხი უნდა აგოს. აშშ-ის პრეზიდენტი ორგანიზაციას ჩინეთის „დეზინფორმაციის“ გავრცელებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს. იგი თვლის, რომ ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების შემთხვევაში პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
„WHO-ს სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ჩინეთში სამედიცინო ექსპერტები რომ გაეგზავნა და პეკინი სიმართლის დამალვაში ემხილებინა, ვირუსის გავრცელებას მალევე შევაჩერებდით და დიდ ადამიანურ დანაკარგსაც ავირიდებდით თავიდან“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმსხვილესი კონტრიბუტორია და ყოველწლიურად მის ბიუჯეტში 400-500 მილიონი აშშ დოლარი შეაქვს, როდესაც ჩინეთის მიერ გაღებული თანხა მხოლოდ $40 მილიონს შეადგენს.
დონალდ ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და განაცხადა, რომ ახლა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ხელს თუ შეუშლის ვირუსის დამარცხებას.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ WHO-ს ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნასაც განიხილავს.
WHO-ს უმსხვილეს კონტრიბუტორთა სია 2020 წლის 31 მარტის მონაცემებით ასე გამოიყურება:
* თბილისის დროით 15 აპრილს.