საპრეზიდენტო კამპანიის წაშლილი რეკლამები და მათი კავშირი ნაციზმთან

Facebook-მა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული ყველა ის პოსტი და რეკლამა წაშალა, სადაც ნაცისტური სიმბოლოები იყო გამოყენებული.

Facebook-ის მიერ წაშლილ რეკლამებზე გამოსახული იყო ამოყირავებული წითელი სამკუთხედი, რომელსაც ნაცისტები პოლიტიკური ოპონენტების ამოსაცნობად იყენებდნენ. Facebook-ის სპიკერის განცხადებით, ტრამპის რეკლამამ დაარღვია კომპანიის სტანდარტები ორგანიზებული სიძულვილის კამპანიის თაობაზე.

ამერიკაში ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის ინფორმაციით, აღნიშნული სამკუთხედები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში პოლიტიკური პატიმრების საიდენტიფიკაციოდ გამოყენებოდა. ამოყირავებული წითელი სამკუთხედები მიკერებული იყო პატიმრების უნიფორმაზე, რაც ესესის (SS) ჯარისკაცებს მათ ამოცნობაში ეხმარებოდა.

ტრამპის კამპანია ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ Facebook-ი თავად იყენებს სამკუთხედს, რომელიც მათ რეკლამაში გამოყენებული სამკუთხედის იდენტურია.

საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში ტრამპის ტვიტებს გამაფრთხილებელი ნიშნები გაუკეთა Twitter-მა. Facebook-ი მსგავსი რეგულაციის შემოღებაზე უარს ამბობს, სამაგიეროდ, ამატებს ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფასიანი პოლიტიკური რეკლამები თავადვე გათიშონ.