S&P 500 აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აქციების მქონე 500 კომპანიის ინდექსია. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ინდექსი 17 პროცენტით გაიზარდა, რაც 1933 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება სხვა ისეთი გავლენიანი ინდექსები, როგორიცაა Nasdaq-ი და დოუ ჯონსი.
საფონდო ბირჟის ინდექსების ზრდა დაკავშირებულია აშშ-ის ეკონომიკური სტიმულირების $2 ტრილიონიან გეგმასთან, რომელიც უკვე დაამტკიცა სენატმა და მომდევნო დღეებში წარმომადგენელთა პალატაში უნდა დამტკიცდეს.
აღსანიშნავია, რომ უოლ-სტრიტზე სწორედ იმ კომპანიების აქციების ფასები იზრდება, რომელთა ეკონომიკური სტიმულირების პროგრამაში მოხვედრაცაა მოსალოდნელი. მაგალითად, Boeing-ის, აშშ-ის უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაციის აქციების ფასები 14%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გეგმის ფარგლებში $17 მილიარდი დოლარი სწორედ ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის საჭირო კომპანიების დასახმარებლადაა გათვალისწინებული.
ამგვარად, ამ კანონპროექტთან დაკავშირებულმა ოპტიმიზმა დროებით გადაწონა კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ზიანი. ვაშინგტონი კი იმედოვნებს რომ ისტორიულად დიდი სტიმულირების პაკეტი ეკონომიკის აღდგენის მძიმე პროცესს წარმატებით დაეხმარება.
ამ ეკონომიკური კრიზისის მასშტაბებიდან გამომდინარე რთულია განსაზღვრა თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება პოზიტიური ცვლილებები. პარალელურად, აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები სულ რაღაც ერთ კვირაში 282,000-დან 3.3 მილიონამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ამ მონაცემის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალია.