აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს იმაზე ბევრად დიდი გავლენა ჰქონდა მსოფლიოზე, ვიდრე მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას 1968 წელს. ამის მიზეზად ის მობილური ტელეფონების ხელმისაწვდომობას მიიჩნევს.
David J.Phillip / Pool via AFP – Getty Images
ფილადელფიაში გამართულ სხდომაზე დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ სმარტფონების გავრცელებამ შესაძლებელი გახადა, კანის ფერით განსხვავებული ადამიანების მიმართ პოლიციის სისასტიკის ამსახველი ვიდეო ფართოდ გავრცელებულიყო საზოგადოებაში. ვიზუალურმა მტკიცებულებამ მკვეთრად იმოქმედა პოლიციის სისასტიკესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგა.
საზოგადოებაზე სმარტფონების ზემოქმედება მან 1960-იან წლებში ტელევიზორების გავრცელებას შეადარა, რამაც ხელი შეუწყო შეხედულებების შეცვლას რასობრივ უთანასწორობაზე ამერიკაში და ბრძოლას სამოქალაქო უფლებებისთვის.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ოფიცრის სასტიკი ქმედების შედეგად ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია მთელს მსოფლიოში. მომიტინგეებმა დაამხეს კონფედერატების პრეზიდენტის, ჯეფერსონ დეივისის, ქანდაკება რიჩმონდში. რამდენიმე დღით ადრე კი ბრისტოლში, ბრიტანეთში, ტბაში გადააგდეს მონებით მოვაჭრე ედუარდ კოლსტონის ძეგლი.
ეს ქმედებები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო უფლებების საკითხის დაყენებას და პოლიციასთან დაკავშირებულ რეფორმებს ეხება. ბაიდენი კი, ტრამპის მსგავსად, პოლიციისთვის დაფინანსების შემცირების მოთხოვნას ეწინააღმდეგება, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მისი პარტიის შიგნითაც.
წყარო – forbes