თეთრმა სახლმა ამაზონს $12.8 მილიონის ღირებულების ინფრაწითელი თერმომეტრები შეუკვეთა. მთავრობის განცხადებით, ეს იმ სამზადისის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც ამერიკა COVID-19-ის მიერ შეჩერებულ ეკონომიკას აამუშავებს.
ხელშეკრულებას ხელს ამერიკის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და COVID19-ის გამოწვევებთან გასამკლავებლად შექმნილი სპეციალური სააგენტო აწერენ., თუმცა, კონტრაქტში ვკითხულობთ, რომ Amazon-ისთვის გადახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფისის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპიკერმა ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული შესყიდვა ქვეყნის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.
,,თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფს აქვს ფართო გეგმა, რათა ფრთხილად და მიზანმიმართულად დაიწყოს ამერიკის გახსნა.’’
ამ ეტაპზე თეთრ სახლსა და “ამაზონს” ხელშეკრულების დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეხსნათ ქვეყანა, საზოგადოების ნაწილში შეშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა პრეზიდენტი შტატებს გახსნისკენ მოუწოდებს, აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 80%-ს სურს, მანამდე დაელოდოს მოვლენების განვითარებას, ვიდრე სახლის დატოვება სრულიად უსაფრთხო არ გახდება.
ტრამპი გეგმავს, რომ COVID-19-ისთვის საჭირო ტესტები, სულ მცირე, მოსახლეობის 2%-ისთვის, ყველა შტატში გაგზავნოს. როგორც ჩანს, ამაზონიდან განხორციელებული შესყიდვა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.