აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად, მარტის თვეში უმუშევრობის დონე 3.5-დან 4.4%-მდე გაიზარდა. ისტორიულად ეს უდიდესი რიცხვია, რადგან ბოლოს ერთ თვეში მსგავსი ნახტომი მხოლოდ 1975 წელს დაფიქსირდა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შედეგად, უმუშევართა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. უმუშევართა რაოდენობის ზრდაზე უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის მონაცემები უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ყოველკვირეულად ახლდება. უკანასკნელი მონაცემებით (28 მარტს დასრულებული კვირისათვის) უმუშევართა შემწეობის მოთხოვნები ერთ კვირაში თითქმის გაორმაგებულია – 3 341 000-დან 6 648 000 მოთხოვნამდე.
მთლიანობაში, ბოლო ორ კვირაში მაჩვენებელი 9.95 მილიონია, რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნა უფრო მეტმა ადამიანმა შეავსო, ვიდრე გასული 10 თვის განმავლობაში.
აპრილის თვეში, უმუშევრობის მაჩვენებლების უფრო მეტად გაუარესებაა მოსალოდნელი, რადგან მარტში ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო რაღაც ფორმის თვითიზოლაციაში და კომპანიები მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას.