ჯო ბაიდენის $2-ტრილიონიანი გეგმა კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად

Photograph: Patrick Semansky/AP

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კლიმატის წინააღმდეგ საბრძოლველად $2 ტრილიონის დახარჯვა გადაწყვიტა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატმა ეკოლოგიური გეგმა წარმოადგინა.

ახალი წინადადება 2035 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგიის წარმოებაზე გადასვლას ისახავს მიზნად. კერძოდ, განახლებადი ენერგიის საფუძველზე ელექტროენერგიის ეკოლოგიურად სუფთა სისტემის ჩამოყალიბებას.

შეგახსენებთ, რომ კლიმატთან დაკავშირებული მისი წინა გეგმა ამ სფეროში ნაკლებ ინვესტირებას გულისხმობდა – $1.7 ტრილიონის დახარჯვას 10 წლის განმავლობაში. ახალი გეგმა კი მოიცავს ინვესტიციების ჩადებას აშშ-ის ინფრასტრუქტურაში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ბაიდენის გეგმამ გარემოსდამცველებს შორის უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ჯინა მაკარტიმ, ბუნებრივი რესურსების თავდაცვის საბჭოს სამოქმედო ფონდის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ „ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიაში. თუმცა ასეთი ლიდერობა ნამდვილად გვჭირდება ამ მასშტაბის გამოწვევების გამო.“

ბაიდენი, ასევე, აპირებს კლიმატის სამართლიანობის გეგმის წარმოდგენასაც, რომლის მიზანია დაბალი შემოსავლენის მქონე და ფერადკანიანთა საზოგადოებებზე კლიმატის ცვლილების არათანაბარი გავლენის შემცირება. ამ ჯგუფებს მოხმარდებათ თანხის 40%, რადგანაც მათზე კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა განსაკუთრებით დიდია.

ამავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი კლიმატის ცვლილების თავიდან არიდების სრულიად განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს: ის დაუბრუნდა ობამას პერიოდის კლიმატის რეგულაციებს და დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება – საერთაშორისო დოკუმენტი, რომლის მიზანია გლობალურ დათბობასთან ბრძოლა. თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი შეთანხმებას ხელახლა შეუერთდება და გააორმაგებს აშშ-ის შენატანებს.

ამჟამად აშშ-ში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს განადგურებული ეკონომიკა და უმუშევრობის მაღალი დონე. ეს კი, ქვეყნის მიერ პანდემიასთან გამკლავების მცდელობასთან ერთად, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს და ხელი შეუშალოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობას.

კლიმატის განახლებული გეგმა თან მოჰყვა ბაიდენის გასული კვირის განცხადებას $700 მილიარდი ღირებულების მქონე ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აშშ-ის წარმოების აღორძინებისთვის.