ტრამპის საპასუხო ქმედებას ამერიკელები რასიზმისა და პოლიციელთა სასტიკი ქმედების წინააღმდეგ მრავალკვირიანი პროტესტის შედეგად ელოდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა როუზ გარდენის ცერემონიაზე პოლიციის რეფორმის შესახებ სააღსრულებლო განკარგულებას მოაწერა ხელი. საუბრის დროს მან დამამშვიდებელი ტონი შეინარჩუნა და გამოხატა უძლიერესი მხარდაჭერა პოლიციელთა მიმართ.
„ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, რომ უზრუნველვყოთ ყველა ამერიკელის მშვიდობა, თანასწორობა და ღირსების დაცვა. ისინი საოცარი ადამიანები იყვნენ და ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. ბევრმა ოჯახმა საკუთარი საყვარელი ადამიანი დაკარგა პოლიციასთან საბედისწერო ურთიერთობისას. ყველა ამერიკელი თქვენს გვერდით გლოვობს, ისინი ამაოდ არ დაღუპულან“
თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპის კანონი ძალის გამოყენების მექანიზმის საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებულ ცვლილებებს ეხება. ძალის გამოყენება (საქმე ეხება იმგვარ მანევრს, რომელიც გამოიყენა პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდის დასაკავებლად, ე.წ chokehold) ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. საკანონმდებლო ცვლილება ბევრ სხვა ნიუანსს მოიცავს, პირველ რიგში, ეს სამსახურში აყვანის პროცედურის შეცვლას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს სამართალდარღვევა უფიქსირდება, მისი გამოცდილების მიუხედავად, სამსახურში არ მიიღებენ.
„ამერიკელებს სურთ კანონი და წესრიგი, ისინი ამას ითხოვენ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „მტკიცედ ეწინააღმდეგება რადიკალურ და საშიშ ძალისხმევას დაფინანსების შეწყვეტის, პოლიციის დეპარტამენტების დაშლის თაობაზე, განსაკუთრებით ახლა, როცა ამერიკაში კრიმინალის დონე ისტორიულ მინიმუმზეა უახლესი პერიოდის მონაცემებით, პოლიციის გარეშე იქნება ქაოსი, კანონის გარეშე დაისადგურებს ანარქია და უსაფრთხოების გარეშე კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“