ქალები ტექნოლოგიებში | ქეთი ურიდიას გზა „ამაზონამდე“

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების სფერო დღემდე მამაკაცთა მიერ დომინირებულად ითვლება, ამ სფეროსადმი ინტერესს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი გოგონა იჩენს, რომლებიც ხშირად მცირე წარმატებებს სულაც არ სჯერდებიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქეთი ურიდიაა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ამაზონის“ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია.

როგორც თავად გვიყვება, მათემატიკა სკოლაში სწავლის პერიოდიდან აინტერესებდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მომავალი საქმიანობით საყვარელ საგანს არ დაშორდებოდა. პროგრამირებასა და ტექნოლოგიურ სფეროსთან შეხება Xl კლასის ბოლომდე არ ჰქონია. მომავალ პროფესიაზე პირველი წარმოდგენა თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ბანაკში შეექმნა, როდესაც უნივერსიტეტმა მათემატიკისა და ფიზიკის ილიმპიადებში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა, იგივე MACS, გააცნო. ბანაკში გატარებული დრო ნაყოფიერი აღმოჩნდა; ქეთიმ მომავალი ტექნოლოგიების სფეროს დაუკავშირა.

„ვაღიარებ, საკმაოდ გულუბრყვილოდ მოვიქეცი, გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ბანაკზე დაყრდნობით რომ მივიღე, მაგრამ ნამდვილად გამიმართლა: ეს პროფესია შემიყვარდა და დავრჩი.“

განათლება საქართველოში მიიღო. ილია ვეკუას სახელობის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელა. სკოლამ მათემატიკა შეაყვარა, უნივერსიტეტმა კი – პროფესია. მიუხედავად ამისა, თვლის, რომ განათლების სისტემის ქართულ მოდელში უამრავი ხარვეზია.

„მთავარ პრობლემას სკოლებში ვხედავ. სწავლებას რომ თავი დავანებოთ, ქართული სკოლები ბავშვებს რეალურ სამყაროში სრულიად მოუმზადებლებს უშვებს. ბავშვებს არანაირი ცოდნა არ აქვთ იმ სამყაროზე, რომელშიც უნდა იცხოვრონ. ამის საუკეთესო მაგალითია ის, თუ როგორ ვირჩევთ პროფესიებს: ბრმად. შემდეგ ზოგს უმართლებს არჩევანში, ზოგს – არა.“

ქეთი დიდ პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ სკოლაში ბავშვებს არავინ ესაუბრება მომავალ პროფესიებზე, ბაზრის მოთხოვნილებებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. აგრეთვე, მისი თქმით, ეკონომიკა, შემოსავალი და ხელფასი ხშირად ტაბუდადებული თემაა, რაც ბავშვებს არასწორ მოლოდინებს უქმნის და ხშირად იმედგაცრუების მიზეზიც ხდება.

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, უნივერსიტეტის მადლიერია. დარწმუნებულია, სხვაგან რომ ჩაებარებინა, პროფესიას მალევე შეიცვლიდა და ვერც ბევრისთვის საოცნებო „ამაზონში“ მოხვდებოდა.

ქეთი დაწვრილებით მოგვიყვა, თუ რა ეტაპების გავლა მოუხდა, სანამ მუშაობას ბევრისთვის საოცნებო კომპანიაში დაიწყებდა. მისი თქმით, ყველაფერი ამაზონის მიერ ჩატარებულ დასაქმების ფორუმზე დაიწყო. ქეთის ისეთი ეტაპების გავლა მოუწია, როგორებიცაა, ალგორითმული ამოცანების დისტანციურად ამოხსნა, ტელეფონით გასაუბრება და დამსაქმებლებთან პირადად შეხვედრა. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანიის თანამშრომელი გახდა.

„იქვე ვიცოდი, რომ გასაუბრებებმა კარგად ჩაიარა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან ვღელავდი. მეორე დღესვე დამირეკეს და მათთან მუშაობა შემომთავაზეს.“

ქეთიმ ისიც გვითხრა, თუ რა იყო ყველაზე დიდი სირთულე „ამაზონამდე“ მიმავალ გზაზე.

„ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად, ასეთი დონის კომპანიაში მუშაობა მეც წარმოუდგენელი მეგონა. საკუთარ თავზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობა, ალგორითმული ამოცანების ამოხსნა და გასაუბრებებზე სიარული არაფერია იმასთან შედარებით, როცა საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს.“

როცა ვთხოვეთ, ჩვენთვის წარმატების მისაღწევად საჭირო სამი აუცილებელი „იარაღი“ გაენდო, საკუთარი თავის რწმენასთან ერთად საყვარელი საქმისგან სიამოვნების მიღება და შრომა დაასახელა.

შრომასთან დაკავშირებით ქეთი უცხოელი და ქართველი დამსაქმებლების განსხვავებაზე, სამუშაო გარემოსა და მუშაობის კულტურაზეც გვესაუბრა. მისი თქმით, „ამაზონში“ დამსაქმებელსა და თანამშრომლებს და თავად თანამშრომლებს შორის ურთიერთობა, ბევრ ქართულ კომპანიასთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია.

„ასაკის, გამოცდილებისა თუ თანამდებობის მიუხედავად, არც ერთი ადამიანის საუბარსა თუ ქმედებაში არ შემინიშნავს ოდნავი ქედმაღლობაც კი. აქ ხშირად შეხვდებით სიტუაციას, როცა მაღალი თანამდებობის პროგრამისტი რჩევასა და აზრს მის ქვემდგომს ეკითხება. მენეჯმენტის კულტურაც სულ სხვანაირია. ყველა ისე გიყურებს და გექცევა, როგორც ზრდასრულ ადამიანს. შეგიძლია შვებულება როცა გინდა მაშინ აიღო, წახვიდე ექიმთან, სახლიდან იმუშაო – მთავარია შენი საქმე კარგად აკეთო. მეორე მხრივ, შენგანაც ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერის ქმედებებსა და პროფესიონალიზმს ელიან და არა სკოლის მოსწავლისას, რომელსაც ერთი სული აქვს, გაკვეთილი გააცდინოს.“

ქეთი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პროგრამისტების გუნდის მენეჯერიც ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელია, რაც, მისი თქმით, საქართველოში იშვიათი ფუფუნებაა.

რაც შეეხება ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებსა და პირად გამოცდილებას, საბედნიეროდ, სამსახურში მსგავს წინააღმდეგობებთან დაპირისპირება არ უწევს, თუმცა, აღიარებს, რომ გარემო, რომელშიც ვიზრდებით, ხშირად უსამართლო და დაუნდობელია გოგონების მიმართ და ჩვენი საზოგადოება უამრავ მათგანს საკუთარ ოცნებებზე უარის თქმას აიძულებს.

„მახსოვს, მეექვსე კლასში, როცა კლასელ ბიჭებთან ერთად ვეკუაში გადასვლა გადავწყვიტე, მათემატიკის მასწავლებელმა მითხრა: „ესენი კარგი, ბიჭები არიან, მაგრამ შენ რა გინდა იქ?“ მიუხედავად იმისა, რომ „ამაზონში“ ვმუშაობ და წარუმატებელი პროგრამისტი არ მეთქმის, ეს ისტორია დღემდე ცუდად მახსენდება. სკოლაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ბიჭის ტვინი სულ სხვაა. ის კი არა, გოგოს თუ ტექნიკური საგნები კარგად გამოსდიოდა, ამბობდნენ, ბიჭის ტვინი აქვსო. მინდა გოგოებს ვუთხრა, რომ ეს ადამიანები გვატყუებენ და ჩვენი მოტყუება ისედაც მარტივია მაშინ, როცა საკუთარ თავში ეჭვი გვეპარება. ნურასდროს მისცემთ ვიღაცის მცდარ წარმოდგენას ნებას შეგაწყვეტინოთ იმის კეთება, რაც მოგწონთ. აკეთეთ საყვარელი საქმე და შრომა აუცილებლად სათანადოდ დაგიფასდებათ.“

ქეთის სამომავლო გეგმები ამჟამად სწორედ „ამაზონს“ უკავშირდება. ამ ეტაპზე სურს მაქსიმალურად მოერგოს კომპანიას და პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი საქართველოში დაბრუნება და განათლების სისტემაში ჩართვა სურს, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროს.