Forbes Woman-ის მკითხველისთვის მარიამ აბულაძის, მარიშა გოგოლაურისა და მარიამ ცანავას ანტერპრენერული თავგადასავალი უცხო სულაც არ არის. „სტარტაპ დეკრეტში“ გამარჯვებულმა გუნდმა რამდენიმე თვეა ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე დაიწყო მუშაობა – შედეგი კი უკვე საჯაროა: ორასამდე სასწავლო კურსი და რამდენიმე ათეული პარტნიორი ორგანიზაცია. www.upway.ge უკვე ჩაეშვა და თვითგანათლების მსურველებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
სტარტაპის დამფუძნებელი გუნდი კი პროექტზე მუშაობის გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.
პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებულ სტარტს. სტარტაპ-დეკრეტში გამარჯვებიდან 15 თვე გავიდა. რა მასშტაბის სამუშაო გაწიეთ ამ პერიოდში?
თიბისის „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებულები 1 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ გავხდით. თუმცა, დეკრეტის გამოყენება სულ რაღაც 2 თვეა დავიწყეთ. ერთი წლის განმავლობაში ვამზადებდით ნიადაგს, რათა „სტარტაპ დეკრეტის“ 6 თვე რაც შეიძლება ეფექტურად გამოგვეყენებინა – მომზადებაში კი იგულისხმება იდეის ვალიდაცია, ფონდების მოძიება, პროტოტიპის – პირველადი ვერსიისა და იდეის/გეგმის შემუშავება.
ამავე პერიოდში გავიარეთ Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერატორი და მოვიპოვეთ პროტოტიპის განვითარებისთვის საჭირო გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოტენციურ პარტნიორებს შევხვდით და დავარწმუნეთ ისინი upway-ს პოტენციალში; შევქმენით ბრენდის ხასიათი და ვიზუალური იდენტობა; საბოლოო სახე მივეცით www.upway.ge-ს პირველად ვერსიას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის.
თავდაპირველი იდეა ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს. დღეს როგორ პოზიციონირებს UpWay და რას სთავაზობთ მომხმარებლებს, როგორც კორპორაციულ, ისე თვითგანათლების მსურველ ინდივიდებს?
Forbes Woman-თან ბოლო საუბრის შემდეგ არამხოლოდ იდეა დაიხვეწა და გეგმები გაფართოვდა, არამედ შევუცვალეთ სახელიც – სამუშაო სახელი „იდეაკურსი“ დღეს ძალიან კარგი მოგონებაა ჩვენთვის. იდეას და ჩვენს პოზიციონირებას რომ დავუბრუნდეთ – upway ადამიანებს ახლის სწავლის გზას უმარტივებს, კომპანიებისა და ტრენერებისთვის კი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ეხმარება კარგი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში, ახალ აუდიტორიაზე გასვლასა და ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვაში. upway-ში დაგროვილი კომპეტენცია და მრავალფეროვანი კურსების ბაზა დიდი ბენეფიტია კორპორაციებისთვის, რომლებსაც teambuilding-ების, თუ თანამშრომლების განვითარების ნაკრებებს შევთავაზებთ.
რამდენიმე დღის წინ პლატფორმა ოფიციალურად გაეშვა და პირველი წარმატებული ტრანზაქციაც შედგა. თქვენი აზრით, როგორ მიიღო სამიზნე აუდიტორიამ პროდუქტი?
მეგობარმა სტარტაპერებმა, და მენტორებმა გაგვაფრთხილეს, რომ ტრანზაქციები შესაძლოა თავიდანვე არ განხორციელებულიყო. შესაბამისად, გვირჩიეს ამაზე არ გვენერვიულა. თუმცა, მაინც სულმოუთქმელად ველოდით პირველ გაყიდულ კურსს. პროდუქტი ახალია ბაზრისთვის, და ვფიქრობთ უფრო მეტი მუშაობა და კომუნიკაცია დაგვჭირდება მომხმარებელთა ქცევის შესაცვლელად – თუმცა, გვჯერა, რომ upway მომხმარებელს ბევრ დროს დაუზოგავს და სწორ გადაწყვეტილებამდეც მარტივად მიიყვანს – ყოველივე ეს გარდაუვლად ნიშნავს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასა და განმეორებად გაყიდვებს.
რა ელოდებათ მომხმარებლებს upway.ge-ზე ამჟამად?
ამჟამად upway-ზე 6 სხვადასხვა კატეგორიაში (პროფესიული განვითარება, ენები, ჰობი, გამოყენებითი განათლება, საბავშვო, ტექნოლოგიები) 25 პარტნიორის მიერ წარმოდგენილი 200-მდე კურსი დახვდებათ. ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება კურსები გაფილტროს ფასის, ლოკაციის (მათ შორის ონლაინ დასწრების), პროვაიდერის, ხანგრძლივობის თუ შეფასების მიხედვით. თუ მომხმარებელმა სასურველი კურსი ვერ შეარჩია, შეუძლია მოგვწეროს და ჩვენ დავეხმარებით ამ პროცესის წარმართვაში – სფეროს ექსპერტების დახმარებით შევურჩევთ კურსს, თუნდაც ის ჯერ არ იყოს upway-ზე განთავსებული.
გარდა ამისა, ვეცდებით უახლესი ტრენდებითა და საუკეთესო რჩევებით მოვამარაგოთ ჩვენი აუდიტორია – ჩვენ გვჯერა, რომ თვითგანვითარება არასდროს უნდა დასრულდეს.
როგორია სამომავლო გეგმები და სამიზნე ნიშნულები?
გვინდა, პირველი upway ახსენდებოდეთ, როცა მათთვის ან ოჯახის წევრისთვის გადაწყვეტენ კურსის შეძენას; ან, თუნდაც მაშინ, როცა მიხვდებიან, რომ რამე ახალი უნარის შესწავლა უნდათ, ახალი ჰობის შეძენა ან სულაც პროფესიის შეცვლა. გვსურს კურსის პროვაიდერებისთვის გავხდეთ სტრატეგიული პარტნიორები და მთავარი გაყიდვის არხი.
მომავალში ვფიქრობთ კატეგორიების გაღრმავებას და კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, მალე დაგვემატება ახალი ფუნქციონალი – მაგალითად, კურსის საჩუქრად შეძენა, გადახდის ალტერნატიული მეთოდები და ა.შ.
რა თქმა უნდა, როგორც ყველა სტარტაპერი, ჩვენც ვგეგმავთ აქსელერატორებში მონაწილეობას, ასევე, საინვესტიციო რაუნდებს, რომლებიც დაგვეხმარება დავხვეწოთ ტექნოლოგია, ბიზნესმოდელი და კიდევ უფრო ფართო არეალზე გავიდეთ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ახალ ქვეყნებშიც.