გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) და ბასკეთის კულინარიის ცენტრი დაინტერესებულ პირებს გასტრონომიული ტურიზმის სტარტაპის რიგით მეორე მსოფლიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
კონკურსი მსოფლიოში ტურიზმის სფეროს პოპულარობისა და ამ სფეროში გასტრონომიის როლის ზრდას უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გასტრონომიული ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც კრეატიულობასა და ინოვაციურ მიდგომას მოითხოვს, კონკურსის მიზანი საინტერესო პროექტებისა და გასტრონომიული ტურიზმის ახლო მომავალში განვითარებისთვის საჭირო გზების აღმოჩენაა.
UNWTO მონაწილეობის მისაღებად იმ სტარტაპებს იწვევს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ინოვაციური ხედვა გასტრონომიული ტურიზმის გარდასაქმნელად გამოიყენონ.
კონკურსის თავდაპირველ ეტაპზე 20 სტარტაპი შეირჩევა, რომელთაგან მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტები საკუთარ იდეებს ბელგიაში გასტრონომიული ტურიზმის რიგით მეექვსე ფორუმზე ექსპერტებს, ინდუსტრიის ლიდერებსა და ინვესტორებს წარუდგენენ. გამარჯვებულს ბასკეთის კულინარიის ცენტრის მხარდაჭერით საპილოტე პროექტის შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობა ექნება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით მიიღება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.