გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების, ქალების უფლებებისა და გენდერული თანასწორობის 10 წელს აღნიშნავს.
2010 წლის 2 ივლისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაუჭირა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაარსებას. დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალთა შესაძლებლობების გაზრდას და ორიენტირებულია მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მრავალი წლის განმავლობაში გაერო სერიოზულ გამოწვევებს აწყდებოდა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში. ქალთა ორგანიზაცია არასაკმარისი დაფინანსების, ერთიანი ძალების არარსებობისა და სხვა პრობლემების შედეგად დაარსდა. ამ გადაწყვეტილებით გაერომ დიდ წარმატებას მიაღწია გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, მათი შესაძლებლობების გაზრდა და ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის მიღწევა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთოხების სფეროებში.
UN Women -ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „გენდერული თანასწორობა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლება არ არის. მის მიღწევას უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. თუმცა გენდერულ უთანასწორობას ყველა საზოგადოებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული“.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისი 2013 წლიდან საქართველოშიც არსებობს. UN Women Georgia ეყრდნობა გაეროს გეგმას განვითარების ხელშეწყობისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს გენდერული საკითხების ჩართვაზე ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.