გაეროს გენერალური მდივანი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ახლა ამის დრო არ არის

Photo Credits to UNML

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, აშშ-მა შეწყვიტოს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსება, მალევე გამოეხმაურა გაეროს გერენალური მდივანი ანტონიო გუტერეში და განაცხადა, რომ ასეთ სიტუაციებაში მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ხელს შეუშლის ვირუსის დამარცხებას.

„როგორც 8 აპრილს აღვნიშნე, COVID19-ის პანდემია კაცობრიობის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც კი ჩვენი ოდესმე გვქონია. ჯანდაცვისა და სოციო-ეკონომიკურ რისკების მქონე კრიზისი ყველაფერზე მაღლა დგას.“ – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.

გუტერეშის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ათასობით თანამშრომელი ფრონტის წინა ხაზებზე იბრძვის წევრი ქვეყნების დასახმარებლად. ისინი ყველაზე მოწყვლად სახელმწიფოებს ეხმარებიან ინსტრუქტაჟით, აღჭურვილობითა და სხვადასხვა სასიცოცხლო სერვისებით. მისი აზრით, კორონავირუსის დასამარცხებლად ბრძოლაში WHO-ს ხელშეწყობა აუცილებელია.

„როდესაც პანდემიას დავამარცხებთ, მოგვრჩება დრო, რომ უკან მივიხედოთ და გავაანალიზოთ, თუ რატომ მოხდა ვირუსის ასეთი სწრაფი და გამანადგურებელი გავრცელება და ვინ როგორ უპასუხა კრიზისს. დღევანდელ გაკვეთილებზე სწავლა მნიშვნელოვანი იქნება მომავალში, რათა მსგავსს გამოწვევებს უკეთესად გავუმკლავდეთ. უბრალოდ, ახლა ამის დრო არ არის.“ – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

დონალდ ტრამპმა WHO-სთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა.