2020 წლის თებერვლის მეორე ნახევარსა და მარტის დასაწყისში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებამ პიკს მიაღწია. ქვეყანაში შიშობდნენ, რომ სამხრეთ კორეა ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი შეიძლება გამხდარიყო, თუმცა მოვლენები სრულიად სხვა გზით განვითარდა – თვით-დისციპლინის, ეფექტური აღრიცხვისა და ტესტირებების საშუალებით სამხრეთ კორეა მსოფლიოსთვის ვირუსთან წარმატებული ბრძოლის და კრიზისის მართვის მაგალითად იქცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კორეას არასოდეს უცხოვრია ისეთ მკაცრ საკარანტინო რეჟიმში, როგორც ეს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ქვეყნებშია. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად სამხრეთ კორეაში არა მხოლოდ მაღაზიები, არამედ რესტორნები, ბარები და ბევრი სხვა სახის გასართობი დაწესებულება ღიად რჩებოდა. მართალია, ბევრი ადამიანი პანდემიისას დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, თუმცა ასევე ბევრ კომპანიასა და დაწესებულებას არაფერი შეუცვლია ფუნქციონირების ძირითად წესში. მკაცრი საკარანტინე პირობების ნაცვლად სამხრეთ კორეის მოქალაქეები ნებაყოფლობით რჩებოდნენ სახლში, იცავდნენ უსაფრთხოების რეკომენდაციებს და სოციალური დისტანცირების წესებს.
როგორც აღმოჩნდა, თვით-დისციპლინაზე დაფუძნებული კორეული მოდელი კრიზისის დასაძლევად განსაკუთრებით ეფექტიანია. უკვე მარტის დასასრულს კორეის ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემუშავებული ჰქონდა სპეციალური პროტოკოლი ქვეყანაში შემომსვლელი და ქვეყნიდან გამსვლელი ყველა პირისათვის.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სამხრეთ კორეული ცენტრის დირექტორი შტეფან კლინგებილი, რომელიც მარტის დასასრულს ჩავიდა კორეაში, ყვება, რომ ჯერკიდევ ფრანკფურტის აეროპორტში სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მგზავრები გააფრთხილეს, გადმოეწერათ სპეციალურად ვირუსთან საბრძოლველად შექმნილი აპლიკაცია. კორეაში ჩაფრენის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ამოწმებდა საზღვარზე შემომსვლელ პირებს ჰქონდათ თუ არა აპლიკაცია მობილურ მოწყობილობაში. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ყველა მგზავრი აეროპორტის შენობაში შესვლამდე გადაჰყავდათ სწრაფი ტესტის გასავლელად. მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში რჩებოდნენ ერთი დღის განმავლობაში ვირუსზე ტესტის პასუხის მიღებამდე. როგორც კლინგებილი ამბობს, ამ დროის განმავლობაში მგზავრები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით და პირველადი მოხმარების პაკეტით. ხოლო მეორე დღეს ვირუსზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ იგი სხვა მგზავრებთან ერთად აეროპორტში ავტობუსით დააბრუნეს და აეროპორტიდან სახლამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება აუკრძალეს. ხოლო სახლში მისულს, ყოველ დღე უნდა ეცნობებინა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის.
სამხრეთ კორეაში COVID-19-ის მიმდინარე სტატისტიკა სულ უფრო იმედისმომცემი ხდება, აპრილის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში რჩებოდა. 30 აპრილი კი სამხრეთ კორეისთვის იყო პირველი დღე ბოლო 72 დღის განმავლობაში, როცა ქვეყნის მასშტაბით ვირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, კორეელები სიფრთხილეს ინარჩუნებენ. ახლაც კი, რთულია კორეის ქუჩებში იპოვოთ ადამიანი პირბადის გარეშე, სახლებს არ ტოვებენ მოხუცები და ის ადამიანები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. სკოლები დახურულია და მოსწავლეები განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებენ. ადამიანები აუცილებელი პროდუქტებისა და სერვისების შეძენას კი დისტანციურად, მობილური აპლიკაციის საშუალებით ახორციელებენ.
შტეფან კლინგებილი ყვება სამხრეთ კორეაში სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ეროვნული ასამბლეის არჩევნებზეც, სადაც მონაწილეები პირბადეებსა და ნიღბებს ატარებდნენ, იცავდნენ ერთ მეტრიან დისტანციას, ხოლო ექიმები მათ ტემპერატურას უზომავდნენ და ბიულეტენებთან შეხებამდე რეზინის ხელთათმანებს აძლევდნენ.
თბილი გაზაფხულის და საგრძნობლად გაუმჯობესებული მდგომარეობის გამო სოციალური დისტანცირების პრაქტიკა თანდათან მილევადი ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა და ჯანმრთელ მოქალაქეებს შორის, თუმცა აქამდეც სამხრეთ კორეაში აკრძალვები სავალდებულო არც არასდროს ყოფილა. დაცარიელებული ქუჩები თანდათან ხალხით ივსება და ბიზნესიც კვლავ გამოცოცხლებას იწყებს. როგორც კლინგებილი აღნიშნავს, ერთ დროს დეფიციტური ნიღბები და პირბადეებიც კი, ახლა თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. მთავრობის ყოველდღიური ბრიფინგები და მოსახლეობის ინფორმირებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო, რომელმაც სამხრეთ კორეა პანდემიისგან გადაარჩინა.
ამ ეტაპზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დადასტურებული 10 780 შემთხვევიდან მხოლოდ 1 407 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ფატალურად 250 შემთხვევა დასრულდა.
წყარო: UN.ORG