წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში ბავშვებისა და მოზარდების კოვიდ-იმუნიზაციის პროცესი უკვე წარმატებით მიმდინარეობს. ამის ფონზე, მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მაღალი რისკჯგუფების ვაქცინაციასაც ვერ ახერხებს. ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, იუნისეფი, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდ-ვაქცინების დარეზერვებული დოზები იმ ქვეყნებს გადასცენ, რომლებიც ვაქცინის შეძენას ვერ ახერხებენ.
ამ ინიციატივას ყველასთვის ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ. ბილი აილიში, ორლანდო ბლუმი, პრიანკა ჩოპრა-ჯონასი, ქეითი ფერი, ვუპი გოლდბერგი, კლაუდია შიფერი, დეივიდ ბეკჰემი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, ვინც იუნისეფის ღია წერილს შეუერთდა და გლობალურ უთანასწორობას დაუპირისპირდა.
იუნისეფის ვაქცინაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლილი კაპრანმა, ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გლობალური იმუნიზაცია უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე – დაბალი რისკჯგუფების, მათ შორის, ბავშვების.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ COVID-19-თან წელიწადნახევრის განმავლობაში ბრძოლის მიუხედავად, ვირუსი ჯერ კიდევ უამრავ ქვეყანაში ვრცელდება და მუტაციას განიცდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დიდი შვიდეულის ლიდერებმა კოვიდ-ვაქცინების დაპირებული დოზები ღარიბ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ. იუნისეფის თქმით, მსოფლიოს მდიდარ სახელმწიფოებს საკმარისი მარაგი აქვთ იმისათვის, რომ ვაქცინების ოცი პროცენტი დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს მიმდინარე წლის აგვისტოში გადასცენ. ღია წერილში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ ეს დონაცია დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ზრდასრული მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს არ შეაფერხებს.