გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) COVID-19-ისგან ბავშვებისა და სკოლების დაცვის მიზნით შედგენილ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და აჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთობლივი სახელმძღვანელო შექმნეს, რომლის მითითებები შეიცავს სკოლების ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ ინფორმაციას მისაღები ზომებისა და რეკომენდაციების შესახებ.
პირველ რიგში, გაგაცნობთ სახელმძღვანელოში მოცემულ წესებს ხელების სწორად დასაბანად:
ნაბიჯი 1: დაისველეთ ხელები სუფთა გამდინარე წყლით;
ნაბიჯი 2: მთლიანად დაიფარეთ სველი ხელები საპნით;
ნაბიჯი 3: გაიხეხეთ ხელი ყველა მხრიდან – მათ შორის ხელების ზედა ზედაპირი, თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ – მინიმუმ 20 წამის მანძილზე;
ნაბიჯი 4: გულდასმით მოიბანეთ საპონი გამდინარე წყლით;
ნაბიჯი 5: გაიმშრალეთ ხელები სუფთა, მშრალ ტილოზე, ერთჯერად პირსახოცზე ან ხელის საშრობით (იმის მიხედვით, თუ რისი შესაძლებლობა არსებობს).
,,ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ჭამამდე და ჭამის შემდეგ; ცხვირის მოხოცვის, დახველების ან დაცემინების შემდეგ; ტუალეტიდან გამოსვლისას და როდესაც ხედავთ, რომ ხელები ჭუჭყიანი გაქვთ. თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ მინიმუმ 60%-იანი ალკოჰოლის შემცველი საშუალება. ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, თუ ხელები აშკარად ბინძურია“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
სახელმძღვანელო მითითებებში დაწვრილებით წერია ძირითადი პრინციპები, რომლებიც სკოლებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და ბავშვებმა უნდა დაიცვან სკოლის ჩვეულ რეჟიმში მუშაობის პირობებში.
მოსწავლეთა მიერ სკოლის გაცდენის ან სკოლის დროებითი დახურვის შემთხვევაში კი, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნისათვის მოცემულია რეკომენდაციები:
- ონლაინ/ელექტრონული სწავლების სტრატეგიების გამოყენება;
- სახლში წასაკითხი დავალებების და სავარჯიშოების მიცემა;
- საგანმანათლებლო შინაარსის რადიო ან სატელევიზიო გადაცემები;
- მასწავლებლების მიერ ყოველდღიური ან ყოველკვირეული დისტანციური გაკვეთილების ჩატარება;
- განათლების დაჩქარებული სტრატეგიების განხილვა/შემუშავება.
სახელმძღვანელო მშობლების, მზრუნველებისა და თემის წევრებისათვის გვთავაზობს შემდეგი სახის რჩევებს:
- მიიღეთ ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ ისეთი ცნობილი წყაროებიდან, როგორიცაა იუნისეფი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის რჩევები. იცოდეთ, რომ ზეპირი გადმოცემების ან ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია ვრცელდებოდეს ყალბი ინფორმაცია/მითები.
- უნდა შეგეძლოთ ამოიცნოთ COVID-19-ის სიმპტომები (ხველება, სიცხე, ჰაერის უკმარისობა) ბავშვის ავადმყოფობის დროს – გახსოვდეთ, რომ COVID-19-ის სიმპტომები (როგორიცაა ხველა ან სიცხე), შეიძლება იყოს იგივე, რაც გრიპის ან ჩვეულებრივი გაციების შემთხვევაში, რაც ბევრად უფრო ხშირია; სანამ ბავშვს სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანთ, დაუკავშირდით ექიმს; ბავშვს კი, მარტივი სიტყვებით აუხსენით სიტუაცია და დაარწმუნეთ, რომ მას არაფერი ემუქრება.
- ბავშვები შეიძლება სტრესს სხვადასხვაგვარად პასუხობდნენ. ასეთი რეაგირების სხვადასხვა ფორმები მოიცავს უძილობას, შარდის შეუკავებლობას, მუცლის ან თავის ტკივილს და ღელვას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, გაბრაზებას ან მარტო დარჩენის შიშს. ბავშვების რეაქციას მხარდაჭერით უნდა უპასუხოთ და აუხსნათ, რომ ეს არის ნორმალური რეაქცია უჩვეულო სიტუაციაზე. მოუსმინეთ მათ წუხილებს და დრო დაუთმეთ მათ.
დოკუმენტში ასევე მოცემულია საკონტროლო კითხვარი მშობლების/მზრუნველებისა და საზოგადოების წევრებისათვის, მოსწავლეებისა და ბავშვებისათვის. ვკითხულობთ რჩევებსაც, რომლებიც განკუთვნილია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების დროს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს COVID-19-ის ვაქცინა, ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებით მრავალი სიმპტომის მკურნალობა და დაავადების საშიშროების მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი.