Unicef: კორონავირუსმა, შესაძლოა, საგანმანათლებლო პრობლემების გაღრმავებას შეუწყოს ხელი

UNICEF/Georgia

გაეროს ბავშვთა უფლებების ფონდის Unicef ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საქართველოში განათლებასთან დაკავშირებული უთანასწორობა იზრდება. აღნიშნულის უმთავრეს მიზეზად სტატიაში მოხსენიებულია სკოლების დროებითი დახურვა და შეზღუდული წვდომა ინტერნეტთან.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა. განვითარებული მოვლენებისა და ვირუსის მზარდი შემთხვევების კვალდაკვალ, სახელმწიფოს მთავრობამ, პრევენციის მიზნით, სხვა ზომებთან ერთად, სკოლების დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდგომაც სწავლა დისტანციური რეჟიმით გაგრძელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, რამდენადაც სტატიაშია ნათქვამი, განსაკუთრებით დიდი პრობლემა აღმოჩნდა რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, რომელთაც შეზღუდულად ან არ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა ან არ გააჩნდათ საჭირო ელექტრონული მოწყობილობა.

Unicef-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, საქართველოში საგანმანათლებლო საშუალებებისა და ინტერნეტთან წვდომის თვალსაზრისით არსებულ სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, ასევე, პანდემიამდე არსებული მდგომარეობა, რომლის თანახმადაც, რეგიონების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება სკოლებში დასწრების მაჩვენებლები ერთმანეთისგან და მათზე, უმეტესწილად, გავლენა შინასამეურნეო შემოსავლებს აქვთ. აღნიშნულს ცხადყოფს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლში დასწრების მაჩვენებელი 68%-ია, მაშინ, როდესაც დედაქალაქ თბილისში, იგივე მაჩვენებელი 90%-ს უტოლდება.

photo – Green Chameleon

ამას გარდა, Unicef-ის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის კვლევის თანახმად, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად და მნიშვნელოვნად აისახება ფინანსური წნეხი. ამავე კვლევის დასკვნაში წერია, რომ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

Unicef-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, საგანმანათლებლო კუთხით უთანასწორობა, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 1.2 მილიარდი მოსწავლისათვის გახდა საგრძნობი. ხსენებულის გამომწვევი მიზეზი კი დახურული სკოლები და კორონავირუსის პირობებში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა გახდა.