გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით – „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციაში ასახულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება და მნიშვნელოვნადაა მიჩნეული საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა აღნიშნულ ტერიტორიებზე.
ადამიანის უფლებათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებისა და სხვა სახის დისკრიმინაციის გამო. ამასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უწყვეტ პროცესზე. ამ პრობლემების გამო, რეზოლუციაში აღნიშნულია საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, „მიღებული რეზოლუცია არის ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატება და ნათელი დასტური, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში“.
საბჭოს 43-ე სესიაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 20-მა სახელმწიფომ, შეეწინააღმდეგა 2 (კამერუნი და ვენესუელა) და თავი შეიკავა 24-მა.
რეზოლუციის შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს ევალება მომდევნო სესიებზე წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოსთან თანამშრომლობის” გარდა, 43-ე სესიის ფარგლებში საბჭომ 12 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც ეხება ადამიანთა უფლებების დაცვას პალესტინასა და არაბეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალადობასთან, რასობრივ დისკრიმინაციასა და გენოციდთან ბრძოლას, ლიბიისა და მალის ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესებისთვის.