გაეროს ინიციატივით ვირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ფონდი შეიქმნება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შექმნის ფონდს, რომელიც ორიენტირებული იქნება მსოფლიოში კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობაზე.

ფონდის მიზანია, ჯანდაცვის სისტემის პრობლემების მქონე განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს კრიზისის მოგვარებასა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიკსენ სორეიდემ განაცხადა, რომ მრავალი დონორი ფონდი გაეროს ეგიდით უზრუნველჰყოფს ქვეყნების დახმარებას ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და  ასევე ხელს შეუწყობს მათი ძალისხმევის ეფექტურობას.

ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით  ამ კვირის ბოლოს გაკეთდება. კორონა ვირუსით მსოფლიოში თითქმის 340,000 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 14,500-ზე მეტი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ იტალიაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით,  ვიდრე ჩინეთში.