ფლორენს ბაუერი – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
რეგიონული ოფისის დირექტორი
მთელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს მოლოდინი, რომ მათ უნდა იტვირთონ საკუთარ თავზე აუნაზღაურებელი სამუშაოს შესრულება შინ: დასუფთავება, შინამეურნეობის გაძღოლა, შვილებზე, ქმრებსა და ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვა. ეს დიდწილად ხსნის იმ გენდერულ განსხვავებას, რომელსაც ჩვენ შრომის ბაზრებზე ვაწყდებით. უფრო ნაკლები ქალია დასაქმებული ანაზღაურებად სამუშაოზე, ვიდრე კაცი; ხოლო ის ქალები, ვინც დასაქმებული არიან, კაცებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, უფრო ნელი ტემპით მიიწევენ წინ კარიერულ კიბეზე და ნაკლებად გარანტირებულ სამუშაოს ასრულებენ.
აღნიშნული შეშფოთების საგანს წარმოადგენს ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს მკვეთრად ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებსა და არჩევანს საზოგადოებაში და აფერხებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაღებულ ძალისხმევას. და მეორე, ეს საზიანოა ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად, ხელს უშლის მილიონობით ქალს საკუთარი უნარებისა და ნიჭის საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენებაში, ან სრულებით გამორიცხვას მათ სამუშაო ძალიდან.
არსებობს კიდევ ერთი, შედარებით ნაკლებად გაანალიზებული მიზეზი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს და რომელიც სახლში და სამსახურში ქალების როლების შესახებ მოძველებული ნორმების შენარჩუნებას უკავშირდება, რაც ხელს უშლის ქვეყნებს იმ დემოგრაფიული ცვლილებების მართვაში, რომელთა წინაშეც ისინი დგანან.
ეს განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც სამუშაო ძალაში მონაწილე ქალების წილი განსაკუთრებით დაბალია, ზოგადად 50 პროცენტზე ნაკლები, ხოლო სხვაობა კაცებისა და ქალების დასაქმების მაჩვენებლებს შორის გაცილებით დიდია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ალბანეთში, 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალების 32 პროცენტი არ არის დასაქმებული და არც განათლებას იღებს, აუნაზღაურებად სამუშაოზე პასუხისმგებლობის გამო (მაშინ, როცა აღნიშნული მაჩვენებელი იმავე ასაკობრივი ჯგუფის კაცებს შორის მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს).
ამავდროულად, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უპრეცედენტო დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ფართომასშტაბიანი მიგრაციისა და დაბალი შობადობის გამო მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ხოლო ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში მატულობს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებსა და სოციალური დაცვის სისტემებისა და შესაბამისი მომსახურებების მდგრადობას.
აღნიშნული გამოწვევების ფონზე, ცხადია, რომ ქვეყნები ვერ მისცემენ თავს უფლებას, თავიანთი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა დატოვონ. დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებაზე ორიენტირებული ეროვნული სტრატეგიების წარმატების უზრუნველსაყოფად, ეს სტრატეგიები უნდა მოიცავდეს პოლიტიკას, რომელიც გაუადვილებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს, სამუშაოსთან და ოჯახთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების ერთმანეთთან შეჯერებას.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხელს უწყობს მთავრობებსა და კერძო სექტორს ოჯახის მხარდაჭერის ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ კვირის ბოლოს, მთავრობათა ხელმძღვანელები და ბიზნესლიდერები იკრიბებიან სტამბოლში, კონფერენციაზე, რათა განიხილონ დასახული მიზნის მიღწევის გზები, რაც გულისხმობს იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც ქალებსა და კაცებს უზრუნველყოფს, როგორც კარიერაში, ასევე ოჯახში, მათი მისწრაფებების რეალიზებისთვის საჭირო მხარდაჭერით.
აღნიშნულ რეგიონში შემავალი ქვეყნების მთავრობები აცნობიერებენ, რომ დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავების ტრადიციული გზა – ფინანსური დახმარება, ადამიანებისთვის მეტი შვილის გაჩენის სტიმულის შესაქმნელად – არ მუშაობს და, შესაბამისად, საჭიროა უფრო ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავება. ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელიც ქალებისა და კაცების კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება და ითვალისწინებს თანამედროვე ოჯახების მრავალფეროვნებას, ამ პაკეტის არსებითი ნაწილია. გამამხნევებლად ჟღერს ის, რომ აღნიშნულ რეგიონში შემავალი ქვეყნების მთავრობები ამ მიმართულებით მრავალი ზომის გატარებას ცდილობენ, დაწყებული ორივე მშობლისთვის ანაზღაურებადი შვებულებით და მზრუნველობის შემწეობით და დამთავრებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით, რომელიც ორსული ქალების უფლებების დაცვას ემსახურება.
კერძო სექტორი ასევე აცნობიერებს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის უფრო მყარი ბალანსის უზრუნველყოფისა და მშობლებისა და ოჯახებზე მზრუნველი პირებისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გახორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობასა და იმას, თუ რაოდენ მომგებიანი იქნება აღნიშნული ინვესტიცია, საბოლოო ჯამში. ბიზნეს სექტორი ზრუნავს საკუთარი რეპუტაციის ამაღლებაზე, რაც ამ სფეროში ლიდერად წარმოჩენას ახლავს თან. ისინი სარგებელს ნახულობენ პერსონალის მიერ დემონსტრირებული უფრო მაღალი ზნეობრივი ნორმებით და სამსახურის გაცდენის რაოდენობის შემცირებით, ასევე ბრუნვის გაზრდითა და დასაქმების ხარჯების შემცირებით, რაც უფრო მეტ პროდუქტიულობას და შემოსავალს უკავშირდება.
კომპანიებს ბევრი რამ შეუძლიათ გააკეთონ ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზებას, კარგად ანაზღაურებად მშობლის შვებულებას, მეძუძური დედებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფას სამუშაო ადგილზე და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და საშუალებებს. კომპანიების ხელმძღვანელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ პრეცედენტის შექმნის მიმართულებით, მაგალითად, მშობლის შვებულებით სარგებლობით და კეთილგანწყობილი სამუშაო კულტურის დამკვიდრებით.
მონაცემების თანახმად, ოჯახში და სამუშაო ადგილზე ქალისა და კაცის როლებთან დაკავშირებული სოციალური ნორმები იცვლება. მაგალითად, მოლდოვაში, კაცების 59 პროცენტი აცხადებს, რომ სურს, მეტი დრო გაატაროს შვილებთან და მზად არის, ნაკლები საათი იმუშაოს ამის განსახორციელებლად, თუ მათ ამის საშუალება ექნება. ანალოგიური სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც, რომელთა მონაცემებზეც გვაქვს წვდომა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს წარსულის ხისტი გენდერული როლებისგან თავის დაღწევა და ოჯახისა და სამუშაო ცხოვრების ორგანიზების უფრო მოქნილი და თანასწორი გზის არჩევა.
დროა ვიზრუნოთ საკანონმდებლო ჩარჩოების, პოლიტიკისა და სერვისების, ასევე კომპანიის კულტურის ახალ რეალობასთან მორგებაზე და მოვშალოთ ყველა ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ქალებსა და კაცებს მისდიონ საკუთარ კარიერულ მიზნებს და ჰქონდეთ ისეთი ოჯახი, როგორიც სურთ.
იმ დროს, როცა რეგიონის ქვეყნები დემოგრაფიული ცვლილებების შედეგებთან გამკლავებისთვის იღწვიან, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკაში ინვესტიცია მდგრადობისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების მთავარ სტრატეგიად გვესახება. თუ ქალები არ იქნებიან იძულებულნი არჩევანი გააკეთონ კარიერასა და ოჯახს შორის, ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ქალების გაძლიერების გზაზე, ცხოვრების ყველა სფეროში, და საშუალებას მისცემს ადამიანებს ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ. აღნიშნული სტრატეგია ხელს შეუწყობს შობადობის მაჩვენებლების ზრდას. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, იგი ქალებს და კაცებს თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას აძლევს, როგორც სამსახურში ასევე ოჯახში, რაც ყველასთვის მომგებიანია.