რა სურთ ქალებს სარვამარტოდ და ყოველთვის?

„ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენ საზეიმოდ მივესალმებით ყველა ქალს, განსაკუთრებით მათ, ვინც თანასწორობისთვის ბრძოლას უდგას სათავეში. მოვუწოდებ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ლიდერობაზე ოცნებობენ, რომ ასეც მოიქცნენ. ლოდინი არ გჭირდებათ. ეს თქვენი უფლებაა და მსოფლიოს თქვენ ახლა უფრო მეტად სჭირდებით, ვიდრე ოდესმე.“

ნატალია კანემი,

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი

8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის, როგორც ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად არსებული თარიღის დატვირთვის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ქალები კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.

რა სურთ ქალებს სარვამარტოდ და ყოველთვის? ნუთუ მხოლოდ ყვავილები და ლამაზი ნივთები? იქნებ, პირველ რიგში, უფლებები და თანასწორი შესაძლებლობები, საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება, უკეთესი განათლება და ძალადობისგან დაცულობის შეგრძნება, დისკრიმინაციისგან დაცლილი გარემო და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ურჩევნიათ?

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის სარვამარტო კამპანიის „რა სურთ ქალებს“ მონაწილე რვა ქალი ამ შეკითხვას პასუხობს.

ლიკა ჯალაღანია – ადამიანის უფლებათა იურისტი
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

ქალებსა და გოგონებს გვსურს თანასწორი, ძალადობისგან თავისუფალი, ღირსეული ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობები. დღეს საქართველოში ქალები და გოგონები კვლავ საზოგადოების, ოჯახის და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს ექვემდებარებიან, მათი სხეული და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ განსჯის და გაკიცხვის საგანია. იმისთვის, რომ ქალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, დამოუკიდებლად და ჩარევის გარეშე მიიღონ მათ სხეულზე, სექსუალობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, საჭიროა პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ სერვისებზე უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფა, თავისუფალი არჩევანის გაკეთების ადეკვატური პირობები, წვდომა ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველ და ასაკზე მორგებულ განათლებასა და ინფორმაციაზე. აღნიშნულ უფლებათა პრაქტიკაში ეფექტური განხორციელება აგვარიდებს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მანკიერ პრაქტიკას, მათი ავტონომიის უხეშ შელახვასა და უთანასწორო მოპყრობას, რომელიც ქალებსა და გოგონებს კვლავ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ტოვებს. ამიტომ, ჩვენ არათუ გვსურს, არამედ მოვითხოვთ, გენდერული და სოციალური სამართლიანობისთვის მოხდეს ქალთა მრავალმხრივი საჭიროებების და ხმის გათვალისწინება პოლიტიკის ყველა ნაბიჯის დაგეგმვისას.

არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე!

ანუკა ჭონიშვილი – ექიმი რეზიდენტი, მეან გინეკოლოგი
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

მეან-გინეკოლოგიის რეზიდენტურის ფარგლებში მუშაობის დაწყების შემდეგ, ყოველდღიური შეხება მაქვს ქალებთან, რომელთაც სურთ, უფრო მეტი გაიგონ საკუთარი რეპროდუქციული სისტემისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მათი განათლების პირველადი წყარო სწორედ ამ სფეროში მომუშავე ექიმები არიან.
ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების სკოლის პერიოდიდანვე დაწყების მნიშვნელობა, უკვე დიდი ხანია, დამტკიცებულია, თუმცა ჩვენს რეალობაში ეს ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა.

ჩემთვის ყველაზე დიდი კულტურული შოკი, რაც 2011 წელს, ამერიკაში, ფლექსის პროგრამით სწავლის დროს მივიღე, სწორედ ამ თემას უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში, სადაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოვხვდი, მე9 კლასში, ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იყო ამ საგნის სწავლა, შესაბამისად, ჩემი ამერიკელი თანაკლასელების ცოდნა ბევრად აღემატებოდა ჩემსას.

ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება ასევე მნიშვნელოვანია სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის, რისი აუცილებლობის წინაშეც ბოლო პერიოდში მომხდარმა სამწუხარო ფაქტებმა უკვე დააყენა ჩვენი ქვეყანა.

ვთვლი, რომ ამ მიმართულებით, სამედიცინო საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ანა გოგუაძე – ფოტოგრაფი
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

წლების წინ, როცა თითქმის არცერთი შენობა არ იყო ადაპტირებული, მე მაინც ყველგან დავდიოდი. არ მქონდა ის განწყობა, რომ ამის გამო თავი უნდა შემეკავებინა სადმე წასვლისგან. 2006 წელს, როცა ერთერთ ბანკში მივედი, რომ „მზის ფესტივალის“ დაფინანსება მეთხოვა, მახსოვს, როგორ გაუკვირდათ ჩემი დანახვა – მხოლოდ მერე გაიაზრეს, რომ კიბის ავლა დამჭირდა მათთან მოსახვედრად, რადგან პანდუსი არ ჰქონდათ. ახლა უფრო მომთხოვნი ვარ, როცა სადმე მივდივარ, რადგან ვთვლი, რომ დღეს გაცილებით მეტი რამაა შესაძლებელი და შენობები ადაპტირებული უნდა იყოს.

გოგოებს, განსაკუთრებით კი, მოზარდ გოგოებს, ვეტყოდი, რომ არ მოუსმინონ არავის, ვინც ეტყვით: „არ გამოგივა!“ „რა დროს ეს არის?“ ხშირად ხდება, რომ ახლობლებიც კი, ცდილობენ ჩვენს შეჩერებას და ამას ზრუნვით ფუთავენ. რაც გინდა, ის უნდა აკეთო და როცა გინდა, მაშინ. არ უნდა იფიქრო, რომ შესაფერისი დრო მოვა და მერე იმოქმედებ. არც სხვას უნდა დაელოდო. როცა შენ დაიწყებ, მერე თანამოაზრეები აუცილებლად გამოჩნდებიან. თუ რაიმე შეგეშლება, ეს შეცდომებიც შენი იქნება და არა სხვისი.

ქალებს გვსურს, ჩვენს მაგივრად არავინ გადაწყვიტოს, რა შეიძლება ჩვენთვის, რა გამოგვივა და რა – არა.

ხატია ჭყონია – საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

შვიდი დედმამიშვილი ვართ. ჩემი დები თოჯინებით რომ თამაშობდნენ, მე ბურთთან ერთად მეძინა, ისე მიყვარდა ფეხბურთი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ფეხბურთელი ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც ქალთა გუნდები იყო და არც პირობები, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მევარჯიშა. თამაში სკოლის ასაკში დავიწყე. სკოლებს შორის იყო ჩემპიონატი. ქობულეთში გოგოების გუნდი რომ შეიქმნა, მეც აქ დავიწყე თამაში, შემდეგ ბათუმში გადავედი. მოგვიანებით ნაკრებისთვის შემარჩიეს და წავედი ნაკრებში, მერე – თურქეთში. იქ ათი წელი ვთამაშობდი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალთა გუნდები არსებობდა, ოფიციალური ჩემპიონატი არ ტარდებოდა. სწორედ ამის გამო მოგვიხდა რამდენიმე გოგოს საზღვარგარეთ წასვლა სათამაშოდ. იქ უფრო განვითარებული იყო ქალთა ფეხბურთი. ხუთი წელია, რაც ქალთა ჩემპიონატი საქართველოშიც არსებობს და ორი წელია, მეც დავბრუნდი. ახლა ჩვენთან ყველაფერი გაუმჯობესდა – დაფინანსებაც და ვარჯიშების ხარისხიც.

„ლანჩხუთის“ წარმატებამ საშუალება მისცა გოგოებს, ისეთ ჩემპიონატზე ეთამაშათ, რისი გამოცდილებაც მანამდე არ ჰქონიათ. მე შედარებით დიდი გამოცდილება მაქვს და უფრო მეტად, სხვების გამო მიხაროდა. განსაკუთრებით გამიხარდა ის, რომ ხალხს გავუჩინეთ შეგრძნება, რომ ქალებსაც შეგვიძლია ფეხბურთის თამაში.

დედაჩემს დიდად არ უნდოდა, რომ მეთამაშა, მაგრამ სადმე რომ მაგზავნიდა, მე ვარჯიშზე ვიპარებოდი. ვფიქრობ, საქართველოში მშობლების მიდგომებიც შეიცვალა და იციან, რომ გოგოებიც შეიძლება თამაშობდნენ ფეხბურთს. გოგოებს, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი და უნდათ თამაში, ვეტყოდი, რომ უკვე ბევრი გუნდია მზად მათ მისაღებად. შრომა, შრომა და შრომა – სხვანაირად ვერაფერს ვერ მიაღწევენ.

რა სურთ ქალებს? ალბათ ბედნიერება, და გამარჯვება.

სოფო ჭყონია – თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
ფოტო: გრიგორ დევეჯიევი

ქალებს მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, სურთ თავისუფლება ჰქონდეთ საკუთარ ცხოვრებაზე, სხეულზე, არჩევანზე.

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არის სერიოზული პრობლემა ქალებზე ძალადობის, ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განსაკუთრებით, რეგიონებში.

ქალის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გაკიცხვის და განსჯის თემაა საზოგადოების და ოჯახის მხრიდან.

საჭიროა ასაკზე მორგებული განათლება ადამიანის სექსუალობის და ჯანმრთელობის შესახებ, გენდერული და სოციალური თანასწორობა, სტერეოტიპების დარღვევა, რადგან შენი სხეული და ცხოვრება გეკუთვნის მხოლოდ შენ.

ქეთა ბაღაშვილი – Beauty Lab-ის დამფუძნებელი
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

„არ მახსენდება „პატარა გოგოზე“ უფრო მომხიბლავი, ძლიერი და თამამი რეგალია. თუ „პატარა გოგოში“ ერთიანდება ყველა ეს თვისება, ვიტყვი, რომ მე მსურს, ვიყო პატარა გოგო. და ვიყო ყველაზე ძლიერი და თამამი პატარა გოგო ჩემზე უფრო პატარა გოგოებისთვის. რომ ყოველ დღე ხმამაღლა ვუთხრა: „არასდროს შეგეშინდეთ თქვენში დამალულ პატარა გოგოებს გაახსენოთ, რომ ყველაფერი გამოუვათ.“

ნინო ჩხარტიშვილი – საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი
ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

ბავშვობიდან ვთამაშობდი ფეხბურთს, სკოლაში, უბანში, ყველგან. 12 წლისამ გავიგე, რომ ლანჩხუთში არსებობდა ქალთა გუნდი. ტრენერებმა შემარჩიეს და ამიყვანეს. დედაჩემს და ბებიაჩემს არ უნდოდათ, რომ ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ მამამ მითხრა, როგორც მე ჩავთვლიდი საჭიროდ, ისე მოვქცეულიყავი. დღეს უკვე მთელი ოჯახი ამაყობს ჩემით.

ჩვენს საზოგადოებაში ადვილი არაა, როცა გოგო ხარ და ფეხბურთს თამაშობ. ადრე ბევრი უარყოფითი კომენტარიც მოდიოდა, თუმცა ჩვენი წარმატების შემდეგ, დამოკიდებულება შეიცვალა. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა იცი, რომ მთელი საქართველო შენი გულშემატკივარია, თუმცა დიდი პასუხისმგებლობაც არის, რადგან ყველა ახალ გამარჯვებებს და უკეთეს შედეგს ელოდება.

დღეს უკვე ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქალს შეუძლია, იყოს ძალიან წარმატებული სპორტში. ჩვენც სწორედ ეს გვსურს – გავძლიერდეთ, ვიშრომოთ, მეტს მივაღწიოთ და ვიყოთ წარმატებულები.

ქეთა ლომიძე – Forbes Woman Georgia-ს არტ რედაქტორი, ანტერპრენერი
ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA Georgia

ძალიან რთულია, იყო საქმიანი ქალი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაშია და ამავდროულად, იყო დედა, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ თუ დროის მენეჯმენტს სწორად მოახერხებ, ყველაფრის მოსწრება შეიძლება. რაც მეტი საქმე მაქვს, მით უფრო პროდუქტიული ვარ. მე ბიჭს ვზრდი და მინდა, აქედანვე იცოდეს, რომ დედამისი ძლიერია, რომ ქალები ძლიერები ვართ. ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ჩემთვის და სირთულეებით, და ამავე დროს, სიხარულით სავსე გზას ერთად გავდივართ.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღე ვხვდები საინტერესო ქალებს და ვფიქრობ, რომ მთავარი დაბრკოლება, რასაც დღეს ჩვენ, ქალები, საქართველოში ვაწყდებით, სტერეოტიპებია. მგონია, რომ ქალები მომთხოვნები უნდა ვიყოთ, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარემოს მიმართაც, იმისთვის, რომ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ სხვადასხვა სფეროში.

ქალებს გვჭირდება მეტი სოლიდარობის გამოჩენა ერთმანეთის მიმართ. თუ სხვა ქალებს გავაძლიერებთ, ჩვენ თვითონაც უფრო გავძლიერდებით. მინდა, რომ უფრო ვუჭერდეთ ერთმანეთს მხარს. ყველას გვაქვს გარკვეული რესურსი ამისთვის. მჯერა, რომ ჩემი საქმიანობით სწორედ ამას ვაკეთებ.

გოგოების ახალი თაობა გაცილებით ყოჩაღია, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ნებისმიერი ასაკის ქალს, გოგოს, ერთ რამეს ვეტყოდი: არ უნდა გაჩერდე! არ გვაქვს ამის უფლება. ვიშრომოთ, აღმოვაჩინოთ ნიჭი საკუთარ თავში და ყველაფერი გამოგვივა.

მთავარია, ვიყოთ რეალიზებულები და ჰარმონიაში საკუთარ თავთან. მე ვფიქრობ, თანამედროვე ქალებს სწორედ ეს სურთ.