UNFPA: პანდემიამ შესაძლოა მილიონობით დაუგეგმავი ორსულობა გამოიწვიოს

Photo: Anthony Wallace / AFP

გაერთიანებული ერების ორგანიზაცის მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის გამო გამოწვეულმა კარანტინმა და ჯანდაცვის სისტემის არასრულფასოვანმა ფუნქციონირებამ და გადატვირთულობამ შეიძლება გამოიწვიოს შვიდი მილიონი დაუგეგმავი ორსულობა შემდგომი თვეების განმავლობაში.

მონაცემები ამ თემასთან დაკავშირებით სამშაბათს, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გაავრცელა.

„ეს ახალი მონაცემები აჩვენებს იმ კატასტროფულ გავლენას, რაც COVID-19 შესაძლოა მოახდინოს გლობალურ დონეზე ქალებსა და გოგონებზე“ – განაცხადა ნატალია კანემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, პანდემია ხელს უშლის თანასწორობის დაცვასა და ოჯახების დაგეგმარების საშუალების ქონას. მან აღნიშნა, რომ ქალთა ჯანმრთელობას არსებული სიტუაცია რისკის ქვეშ აყენებს.

მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად, UNFPA ახორციელებს მთელ რიგ აქტივობებსა და იღებს შესაბამის ზომებს, რათა სახეზე იყოს ოჯახის დაგეგმვისთვის საჭირო პირობები, აღმოიფხვრას ძალადობა, იძულებით, ადრეული და ბავშვთა ქორწინება და ა.შ.

აღნიშული კვლევა ჩატარდა UNFPA–ს მიერ, Avenir Health–თან, აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და ავსტრალიაში ვიქტორიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

გლობალური მიწოდების ქსელებში შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაცეპტივების მნიშვნელოვანი დეფიციტი და ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების რაოდენობის გაზრდა, რაც უკვე გაიზარდა პანდემიის გამო, სახლში ხანგრძლივი ვადით ყოფნის გამო.

გლობალური მასშტაბით, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და პარტნიორების თანახმად, 114 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, დაახლოებით 450 მილიონი ქალი იყენებს კონტრაცეპტივებს.

იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სისტემა შეჩერებული იქნება და კარანტინი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, დაახლოებით 47 მილიონი ადამიანი ვერ შეძლებს კონტრაცეპტივებზე წვდომას, რამაც შეიძლება შვიდი მილიონი დაუგეგმავი ორსულობა გამოიწვიოს.