„ინფორმირება, განათლება, გაძლიერება“ – UNFPA-ს, FAO-სა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის

ინფორმაცია, როგორც ცხოვრების ცვლილების საწინდარი

თეონა ცეცხლაძე სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. მათ შორის ყველაზე პატარა სამი თვისაა. სწორედ მასთან ერთად დაესწრო თეონა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ლიბერთი ბანკის მიერ ქალებისთვის ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა.

თეონასთვის მსგავსი შეხვედრები განვითარების შესაძლებლობაა. ინფორმაცია, რომელსაც ის და მისი თანასოფლელები აქ იღებენ, მათთვის მნიშვნელოვანია. „ბევრ დადებითს ვიგებთ აქ… ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა“, – ამბობს ის.

თეონა ცეცხლაძე | ფოტო: დინა ოგანოვა

შეხვედრა, რომელსაც თეონა და მისი გოგონა დაესწრნენ, ნაწილია ინიციატივისა – „ინფორმირება, განათლება, გაძლიერება“, – რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, უკვე მესამე წელია, საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეხვედრებზე ქალები ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე იღებენ ინფორმაციას, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

თეონასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების, კონტრაცეფციის უსაფრთხოების შესახებ, რადგან, მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით, მის ირგვლივ, ხშირად ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ქალს მიუწვდებოდეს ხელი სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. გაეროს მოსახლეობის ფონდი, როგორც გაეროს წამყვანი სააგენტო, ამ მიმართულებით, უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. 2020 წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიგვეწვდინა ხმა, ჩავსულიყავით სოფლებში ექსპერტებთან ერთად და ამ გზით შეგვეწყო ხელი როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე გენდერული თანასწორობისა და საზიანო პრაქტიკების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ ინოვაციურ ინიციატივას  მხარი დაუჭირა UNFPA-ს პარტნიორმა, ლიბერთი ბანკმა“, – აღნიშნავს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

განათლება გაძლიერებისთვის

ორი შვილის დედა ნაირა ბოლქვაძე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ცხოვრობს, 34 წლისაა. უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურადაა ჩართული სასათბურე მეურნეობაში და საკუთარი შრომით მოჰყავს ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობა. ნაირა ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო FAO-ს და ევროკავშირის პროექტის აგრონომებისგან. სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე მეთოდები შეისწავლა და დანერგა, შედეგად, პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. 

ნაირა ბოლქვაძე | ფოტო: დინა ოგანოვა

„FAO მხარს უჭერს სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით. ხშირად ეწყობა პრაქტიკული სწავლებები და ფერმერთა საველე სკოლები, რაშიც დიდი სიამოვნებით და ინტერესით ერთვებიან სოფლად მცხოვრები ქალები. იკვეთებიან ლიდერებიც, რომლებიც მიღებულ ცოდნას მეზობლებსა და თანასოფლელებს უზიარებენ, შედეგად კი, ხშირად, საინტერესო იდეებიც იბადება. ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავსი ღონისძიებების შედეგად, ქალებს საერთო ბიზნესი ან ახალი ფერმერული მეურნეობა შეუქმნიათ“, – აღნიშნავს მამუკა მესხი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში.

ნაირა, რომელიც ბავშვობიდან იყო დაინტერესებული სოფლის მეურნეობით, წლების წინ, ადრეულ ასაკში დაქორწინდა, როგორც თავად ამბობს, სხვა თანატოლი გოგოების მსგავსად.  თუმცა თვლის, რომ ბევრი ქალისგან განსხვავებით, მას გაუმართლა, მისი ქორწინება გამონაკლისია და მეუღლე და შვილები ხელს უწყობენ მის საქმიანობას. საქმე კი ნაირას ნამდვილად არ აკლია, რადგან მარადისში ყველა ახალი წამოწყების ერთ-ერთი მოთავე და ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ინიციატორი სწორედ ისაა. ასეთი ინიციატივების ფარგლებში, ნაირას თანასოფლელი ქალები და გოგოები საჭირო ინფორმაციას იღებენ გენდერული თანასწორობის და საზიანო პრაქტიკების, მათ შორის, ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ. 

ნაირას აზრით, მნიშვნელოვანია, ქალებს ხელი მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ხშირად ისინი საკუთარ თავზე საზრუნავად ვერ იცლიან.

„არც მე ვარ ამ მხრივ გამონაკლისი, მაგრამ ჩემი ქმარ-შვილი მაძალებს ხოლმე, რომ ვიარო ექიმთან. მე განა არ ვფიქრობ, რომ უნდა მივხედო ჯანმრთელობას, მაგრამ გადავდებ ხოლმე სხვა დღისთვის, არადა, საქმე არასოდეს ილევა“, – ამბობს ის.

ნაირას შვილებიც გამოხატავენ ინტერესს სოფლის მეურნეობის მიმართ. ბიჭი სკოლაში სწავლასთან ერთად კოლეჯში აგრონომიის კურსებს გადის. გოგო კი, ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით იღებს ცოდნას, რადგან „ყოველთვის სწავლით, წიგნების კითხვით იყო დაინტერესებული.“

ქალთა გაძლიერება ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე სწორედ სოფლად მცხოვრები ქალები დგანან.

2020 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება სწორედ ქალთა გაძლიერებაა.

„ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის,  გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს. ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  არაერთ სიახლესთან ერთად,  ქალების მუდმივ  მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის  ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით  მათთვის მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა“, ამბობს ხათუნა ჭელიძე, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

საბანკო სერვისები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა 45 წლის ნათელა ბოლქვაძისთვის, რომელიც მცირე მეწარმეა წალკის რაიონის სოფელ ტბეთიდან. ის თავის ფრანგ პარტნიორთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით, ვაშლისა და სხვადასხვა ხილის შენარევისგან წვენს ამზადებს და ფრანგულ ყველსაც აწარმოებს.

ნათელა ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად | ფოტო: დინა ოგანოვა

ნათელა თვლის, რომ ქალთა გაძლიერება ძლიერი სოფლისა და ზოგადად, საზოგადოების საფუძველია. „ჩემი ჯგუფის წევრები უძლიერესი ქალები არიან. თუ ჩვენს ქალებთან მივა ინფორმაცია, ასე მგონია, რომ ყველანაირ საქმიანობაში ჩაერთვებიან,“ ამბობს ის სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას.

ხუთი შვილის დედა იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს მის სოფელში ადრეული ქორწინების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და ბოლო პერიოდში, შემთხვევებიც თითქმის აღარ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ამ პრობლემის ბოლომდე აღმოსაფხვრელად საჭიროა „შესაბამისი კულტურის ჩამოყალიბება, ინფორმირება და განათლება“, რადგან თვლის, რომ ადრეული ქორწინებისა თუ სხვა საზიანო პრაქტიკების საფრთხე უმეტესად იქ დგას, სადაც ინფორმაციაზე წვდომა ნაკლებია.

ატენიდან წალკამდე და ქედადან ახმეტამდე – შეხვედრების სერია გრძელდება. UNFPA, FAO და ლიბერთი ბანკი გეგმავენ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ ქალს მიაწვდინონ ხმა.