ალანა არმიტაჟი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, და ბიორნ ანდერსონი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონული ოფისის დირექტორი
ნეპალის დასავლეთით მდებარე ერთ სოფელში, რაჩანა სნარი საკუთარი მამის ნების წინააღმდეგ წავიდა და უარი განაცხადა დაქორწინებაზე 15 წლის ასაკში; დაქორწინების ნაცვლად მან სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო. დღეს იგი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ადვოკატია, რომელიც იბრძვის ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ და ცდილობს დაიცვას ქალთა უფლებები.
აზერბაიჯანში, სადაც ტრადიციული სოციალური ნორმები ღრმად ფესვგადგმულია და სადაც ვაჟის დაბადებას სიხარულით ხვდებიან, განსხვავებით გოგონას დაბადებისგან, ჯანოღლან ილიასოვი არის გამოჩენილი ორატორი, რომელიც ხელმძღვანელობს სემინარებს, რომელთა ფარგლებშიც მამაკაცებს მოუწოდებს გააცნობიერონ თავიანთი დამოკიდებულება ქალებისა და გოგონების მიმართ, ეხმარება მათ გაიაზრონ ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების მავნე შედეგები. მაგრამ მის ყველაზე მთავარ და სანუკვარ როლს მოსიყვარულე მამობა წარმოადგენს, იგი თავის ერთი წლის ქალიშვილზე ზრუნავს.
მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა კულტურას ეკუთვნიან, სხვადასხვა რელიგიას აღიარებენ და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, რაჩანასა და ჯალოღლანს ერთი ხედვა აერთიანებთ და ეს არის ის, რომ გოგონები სიყვარულსა და ზრუნვას იმსახურებენ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ სასურველი არჩევანი, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
თუმცა, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცვლილებებს ჩაუდგება სათავეში. გენდერულ უთანასწორობაზე აღმოცენებული სისტემები აგრძელებს საზოგადოებისთვის საზიანო სოციალური ნორმების და საზიანო პრაქტიკების დამკვიდრებას, რაც გოგონებსა და ქალებს საკუთარი უფლებებით სარგებლობის საშუალებას უზღუდავს და არ აძლევს საკუთარ სხეულთან და საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას.
ბავშვთა ქორწინება ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მასშტაბით, ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და ნეპალიდან დაწყებული, საქართველოთი, თურქეთითა და ალბანეთით დამთავრებული. 20-24 წლის ქალების 30 პროცენტი – სამხრეთ აზიაში, 7 პროცენტი – აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანეში, 12 პროცენტი – აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, 18 წლამდე ასაკშია დაქორწინებული.
ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭებამ, რაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკას უდევს საფუძვლად, და რომელიც მკვეთრად არის გამოხატული და დოკუმენტებში ასახული სამხრეთ აზიაში, ჩინეთსა და ვიეტნამში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში – მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი „გოგონას გაუჩინარების“ შედეგად გამოწვეულ დემოგრაფიულ კრიზისში, რასაც მოჰყვა ქალებსა და მამაკაცებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობის შემაშფოთებელი მასშტაბის დარღვევა.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საფუძველი ჩაეყარა მრავალ ჩარჩო-ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვას და საზიანო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის აღსანიშნავია მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) 1994 წლის სამოქმედო პროგრამა, რომელიც 179 ქვეყნის თანხმობით შეიქმნა, რომლის ხედვაც გულისხმობს თანაბარ უფლებებსა და არჩევანის თავისუფლებას ყველასთვის და ემსახურება 2030 წლის დღის წესრიგის სისრულეში მოყვანასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი და სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობებს შორის შეთანხმებული ადვოკატირების შედეგად, ქვეყნებმა მიიღეს კანონები და გაატარეს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს გოგონებისა და ქალების დაცვას აღნიშნული და სხვა ზიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევა არათანმიმდევრული იყო, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები მივიღეთ ამ მიმართულებით.
ეტაპობრივი წინსვლა აღინიშნება საზიანო სოციალურ და გენდერულ ნორმებთან ბრძოლის მიმართულებით. მშობლების, თემების და რელიგიური ლიდერების ჩართულობამ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის შენელებას შეუწყო ხელი.
საზოგადოების წევრებს შორის შესაბამისი საკითხების ცნობადობის ამაღლებამ საშუალება მისცა გოგონებს უარი თქვან ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, განაგრძონ განათლების მიღება, გამოიყენონ ეკონომიკური და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობები.
ქალებსა და გოგონებს ამჟამად მეტი წვდომა აქვთ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და საჭირო მომსახურებებზე, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით.
ბევრი ქვეყნის მთავრობამ დანერგა საზიანო პრაქტიკების შესახებ მონაცემთა უკეთ შეგროვების მექანიზმები, გაამყარა ცვლილებებისათვის და ეროვნულ და ქვე-ეროვნულ დონეზე სათანადო პროგრამების გახორციელებისთვის საჭირო მტკიცებულებათა ბაზა.
თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, სახელწოდებით: „მისი ნების წინააღმდეგ“, ყურადღებას ამახვილებს გლობალური მასშტაბით არსებულ საზიანო პრაქტიკებზე და გვთავაზობს რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციას მათთან გასამკლავებლად.
საზიანო პრაქტიკების დასაძლევად ჩვენ ერთიანი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ; უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ქმნის ამ პრაქტიკის საფუძველს და ერთიანი ძალებით შევეცადოთ მასთან გამკლავებას.
ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა – ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი პრაქტიკები წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, და არა ტრადიციისა ან კულტურის ნაწილს, რასაც ხშირად იშველიებენ მათ გასამართლებლად.
ამასთან ერთად, ჩვენ ასევე ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ, რომ გენდერული თანასწორობა არის უმთავრესი საკითხი – გოგოებისა და ქალების ღირებულების არასათანადოდ შეფასება წარმოადგენს ყველა საზიანო პრაქტიკის სათავეს გლობალური მასშტაბით.
აღნიშნული მოხსენება არის მკაფიო გზავნილი ყველა ქვეყნისა თუ მთავრობისათვის, ნებისმიერი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისა და სრულიად საზოგადოებისათვის: იგი ღირებულია.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გოგონებისა და ქალებისადმი, როგორც საკუთრებისადმი მოპყრობა, უნდა შევწყვიტოთ მათით ვაჭრობა და მათი კონტროლი და უნდა მივცეთ მათ იმავე უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალება, რომლითაც ვაჟები და მამაკაცები სარგებლობენ.
საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და გამოვიდეს გოგონებისთვის თანაბარი უფლებების მოთხოვნით, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ განათლების მიღება, სათანადოდ მოემზადონ კარიერის დასაწყებად, გააკეთონ გააზრებული არჩევანი და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
მამაკაცებმა უნდა ისარგებლონ საკუთარი უპირატესობით და იზრუნონ ქალის ღირებულების ამაღლებაზე და მოითხოვონ რომ გოგონებისა და ვაჟებისადმი მოპყრობა იყოს თანაბარი და არადისკრიმინაციული.
ეკონომიკურმა და სამართლებრივმა სისტემებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ქალისთვის თანაბარი შესაძლებლობების, ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელსაც საფუძვლად დაედება თანასწორობა, დამოუკიდებლობა, ღირსების დაცვა და არჩევანის თავისუფლება.
მთავრობებმა პირნათლად უნდა შეასრულონ მათ მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და დაიცვან გოგონათა უფლებები, მათ შორის, გოგონათა რეპროდუქციული უფლებები, და აღკვეთონ მანკიერი პრაქტიკები ყველგან, ერთხელ და სამუდამოდ.
ახლა, როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის დამანგრეველ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეფასებით, მიმდინარე პანდემია შეაჩერებს ძალისხმევას, რომელიც ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული, და შორს მიმავალ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს, რასაც სავარაუდოდ, 2020 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, მოჰყვება მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა ქორწინების დამატებით 13 მილიონი შემთხვევა, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა შექმნილი ვითარება.
პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება, კონტრაცეპტივების მიწოდების შეფერხებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუგეგმავი ორსულობების რიცხვის ზრდას, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიეროს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა.
ქვეყნებმა „კრიზისიდან გამოსვლისა და უკეთესი მომავლის შენების“ საკუთარი ძალისხმევა, ქალებისა და გოგონების ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაგეგმონ.
მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლის ძიების პარალელურად, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დავასრულოთ საზიანო პრაქტიკები, ყველგან და ერთხელ და სამუდამოდ. მილიონობით ადამიანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას და როგორ მოვიმოქმედებთ მოცემულ ეტაპზე. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომელიც ცდილობს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულოვან ნიშნულს მიუახლოვოს, 100%-ით დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული საჭიროება, ბოლო მოეღოს გენდერული ნიშნით ძალადობასა და ქალებისა და გოგონების მიმართ საზიანო პრაქტიკებს.