UNFPA: გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკები საქართველოში

25 სექტემბერი, 2019, 09:45 სთ. სასტუმრო „Holiday Inn“ – თბილისი. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი კვლევის „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს წარადგენს. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინებაა, დაბადებამდე ნაყოფის სქესის შერჩევას გულისხმობს და განპირობებულია საზოგადოებაში არსებული ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების განწყობითა და გოგონების დაბალი ღირებულებით.

საქართველოში დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შემცირებაზე სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკის შესაძლო გავლენის შესასწავლად, 2018 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტთან პარტნიორობით, სპეციალური კვლევა განახორციელა. კვლევის ამოცანაა გამოავლინოს, თუ რა გავლენა იქონია სოციალურ-ეკონომიკურმა პოლიტიკამ და პროგრამებმა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ტენდენციის გაუმჯობესებაზე – ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების შემცირებისა და ოჯახების რეპროდუქციულ ქცევასა და არჩევანზე ზეწოლის შემსუბუქების გზით. აღნიშნული კვლევა განხორციელდა გლობალური პროგრამის (2017-2019) „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევის ყველა ეტაპზე კვლევითი ინსტრუმენტები, მეთოდები და შედეგები განიხილებოდა დემოგრაფიისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებული პოლიტიკის ანალიზის წამყვან ექსპერტებთან, რომელთა შორის არიან – დოქტორი კრისტოფ გილმოტო, დოქტორი ლორა რემი და სარა ტაფურო.

კვლევის შედეგებისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის გარდა, ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს დისკუსიის წამოწყებას პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტივისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბოლოდროინდელი დადებითი დინამიკის შესახებ გამართული დისკუსია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი პერსპექტივის ჩამოყალიბებას საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის.

ღონისძიებას გახსნიან: გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, საბინე მახლი – გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, ლელა ბაქრაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, თამარ სულუხია – თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის (ISET-PI) დირექტორი.