მსოფლიო ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები კენიაში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მზადყოფნას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა 2030 წლისთვის დასრულდეს დედათა სიკვდილობა, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა კონტრაცეფციაზე და ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ.
ნაირობი, 8 ნოემბერი, 2019 – ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დედების სიცოცხლის გადასარჩენად, კონტრაცეფციაზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილება და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასრულება 2030 წლისთვის – ეს არის ძირითადი ფოკუსი სამდღიანი გლობალური სამიტისა, რომელიც 2019 წლის 12-14 ნოემბერს, ნაირობიში, კენიაში გაიმართება.
ნაირობის სამიტი (ICPD25) კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის 25 წლის თავზე ტარდება, მოვლენის, რომელმაც სრულიად ინოვაციური დღის წესრიგი დასახა და სადაც 179 ქვეყნის მთავრობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ქალებისა და გოგონების გაძლიერებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების ჩათვლით.
ნაირობის სამიტის ფარგლებში, უმაღლესი ოფიციალური პირები – სახელმწიფოების მეთაურები, პარლამენტარები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფინანსურ და პროგრამულ ვალდებულებებს, პოლიტიკის, საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებს წარმოადგენენ იმისთვის, რათა 1994 წელს კაიროში მიღებული სამოქმედო პროგრამა სისრულეში მოვიდეს.
ნაირობის სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წევრებს შორის არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი, მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაიმართა რამდენიმე ეროვნული კონსულტაცია ნაირობის სამიტზე წარსადგენი რეკომენდაციების შესამუშავებლად.
ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ნაირობის სამიტზე წარადგენს, დედათა სიკვდილობის შემცირება, ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა, მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის საჭირო თანასწორი გარემოს შექმნა, და მდგრადი განვითრების მისაღწევად მტკიცებულებაზე დაფუძნებული დაგეგმვისათვის მოსახლეობის შესახებ სანდო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მსოფლიოს მასშტაბით, დააცლოებით, 232 მილიონ ქალს სურს, აირიდოს არასასურველი ორსულობა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება. ყოველდღიურად, 800-ზე მეტი ქალი კვდება ორსულობისა და მშობიარობის თავიდან აცილებადი გართულების შედეგად. ყოველდღიურად, დაახლოებით 33 000 გოგონა ხდება ადრეული ქორწინების მსხვერპლი. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ყოველ მესამე ქალს გამოუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ასევე დგას უპრეცედენტო დემოგრაფიული ცვლილების წინაშე, რადგან არაერთი ქვეყნის მოსახლეობა ბერდება და რიგ შემთხვევებში, მცირდება კიდეც.
სამიტი უჩვეულოდ მრავალფეროვან მონაწილეებს გააერთიანებს, მათ შორის არიან: უმაღლესი ოფიციალური პირები, აზრის ლიდერები, ტექნიკური ექსპერტები, რელიგიური ლიდერები, აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები, ახალგაზრდები, ბიზნესის სფეროს ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეცნიერები da მრავალი სხვა, ვინც ზურნავს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ასევე მედიის წარმომადგენლები.
სამიტი ხუთ ძირითად თემაზეა ფოკუსირებული: სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი; ICPD სამოქმედო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსების უზრუნველყოფა; დემოგრაფიული მრავალფეროვნება და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაზე; გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალისა და გოგონას მიმართ საზიანო პრაქტიკების დასრულება; უფლება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე ჰუმანიტარული და კრიზისული სიტუაციების დროსაც კი.
ნაირობიში გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს გენდერული თანასწორობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, პოლიტიკური და სათემო ლიდერობის, ინოვაციებისა და მონაცემების, და პარტნიორობის მნიშვნელობასა და ძალას, აღიარებს რა, რომ ICPD-ს სამოქმედო პროგრამის შესრულების გარეშე მსოფლიო ვერ მიაღწევს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელსაც 2030 დღის წესრიგი ეყრდნობა.
სამიტი ორგანიზებულია კენიისა და დანიის მთავრობების მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, სხვა სამთავრობო თუ კერძო პარტნიორების ფინანასური მხარდაჭერით.
საკონტაქტო პირი:
სალომე ბენიძე
კომუნიკაციის ანალიტიკოსი
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი
ტელ: +995 577 211 300
ელექტრონული ფოსტა: benidze@unfpa.org