Undersky – ინტერვიუ KAYAKATA-სთან

ავტორი: ანა აბაშიძე

ფოტო: ანა ბოკო

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ქართულ მუსიკალურ სივრცეში ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ პროექტი Kayakata გაჩნდა. პროექტმა მალევე შეძლო პოპულარობის მოპოვება, მიზეზი კი მისი გამორჩეული სტილი და განსაკუთრებული ჟღერადობა გახდა – ქართველ მსმენელს მსგავსი ექსპერიმენტული მუსიკა მანამდე მოსმენილი არ ჰქონდა.

„ხულიგანი ბავშვები ედემის გეტოებიდან და აისიდან ამოცურებული ლამბორჯინის პასაჟირები, მეგობრები, ვინც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და მეგობრები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი უყენიათ თავში“ – ასეთ პასუხს გვცემს ზურა ჯიშკარიანი კითხვაზე, – ვინ არის Kayakata.

პროექტის კეთების პროცესში აქტიურად სულ რამდენიმე ადამიანია ჩართული, ჩვენ კითხვები სამ მათგანს – ზურა ჯიშკარიანს, მაქსიმე მაჩაიძესა და ნიკა საბანაძეს დავუსვით.

ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძისთვის Kayakata არ არის პირველი ერთობლივი პროექტი, მანამდე იყო „ზურმუხტისფერი ბედის ორდენი“ და Kung Fu Junkie.

როდის გადაწყვიტეთ KAYAKATA-ს შექმნა და რატომ აირჩიეთ სახელი KAYAKATA?

ზურა: KayaKata შეიქმნა „ზურმუხტისფერი ბედის ორდენის“ ტრანსფორმაციის დროს, ისევე როგორც წინა შეიქმნა Kung Fu Junkie-ს დაისის დროს. ისე მოძრაობს ეს ახალი არსება, როგორც საკუთარ ორბიტაზე ვენერა და მარსი დაისისას. სახელი Kayakata, თუ სწორად მახსოვს, სადღაც სატელეფონო საუბარში მოგვაფიქრდა მე და მაქსს, მე ინტერაქტიული საფლავის მაკეტი უნდა გამომეტანა და გზაში მაქსმა დამირეკა – წარმოვიდგინეთ სიტუაცია, რომელშიც ტელეფონზე გვისმენენ და რას მოუსმენდნენ უკეთესს, თუ არა საუბრებს კვანტურ უკვდავებაზე, შემოდგომის ფოთლების დაცემის ტრაექტორიის გამოთვლაზე და ასე შემდეგ, – სადღაც ამ საუბარში გაჩნდა სახელის ეს ვერსიაც.

მაქსი: სახელი Kayakata არ დაგვირქმევია, ეს სახელი უფრო როგორც კრისტალი ისე ფორმირდა, მეც და ზურაც ქუჩის კატებივით ვართ ამ უკიდეგანო ჯუნგლებში და საბანაძე კი ნამდვილი მთის ფოცხვერია.

ჰიპ-ჰოპ დუო მანამდეც გქონდათ – “ზურმუხტისფერი ბედის ორდენი,” თუმცა KAYAKATA მასზე გაყიდვადი და ვირუსული გახდა, რამ განაპირობა განსხვავება?

ზურა: „ზურმუხტისფერი ბედის ორდენი“ უფრო თრიფებში აკრეფილი პოეზია იყო, გაცილებით აბსტრაქტული და ძაან სათუთად, სახლში და საკუჭნაოში მოვლილი, სახლის კატასავით. KayaKata უფრო ჭრელია, აქ პოეზიამ აბსტრაქტული ხმაურის ნაცვლად კონკრეტული ფორმები მიიღო, ზოგი ტრეკი მატარებელს ჰგავს, ზოგი მოქნეულ კატანას, ზოგიც მომწყდარ ვარსკვლავს ყაზბეგის თავზე.

მაქსი: „ზურმუხტი“ უფრო შიდა პოეზიის გამოფენა იყო, თვითმფრინავის დიზაინის დახეული ნახაზებივით. „კაია“ უფრო ინსტრუმენტებივით ან ფსალმუნებივით ტრეკებია, შეგიძლია გამოიყენო, შენი გახადო, გულის ჯიბეში ჩაიდო, მიზანია რომ შენი ჰელფერი ჩეტბოტივით იყოს ტვინში, ამ უცნაურ სამყაროში მოძრაობის წესების კონსპექტებივით.

ნიკა: KayaKata მსოფლიოში არსებულ ჰიპ-ჰოპ (და არამარტო ჰიპ-ჰოპ) მიმდინარეობასთან მჭიდრო დიალოგშია. წერისას ვცდილობთ თითოეულ ტრეკს შევძინოთ თავისი დამახასიათებელი და ახალი ჟღერადობა, ამიტომ ხშირად გვაქვს დიალოგები ქართული ენის ტეხვებზე და ადამიანის ხმის ინსტრუმენტად გამოყენებაზე. რეალურად ჩვენი ერთ-ერთი შინაგანი გამოწვევაა შევქმნათ ყურისთვის უნივერსალურად სასიამოვნო ტრეკები, რომელიც მოეწონება, როგორც ქართულად მოლაპარაკე, ასევე უცხოენოვან მსმენელსაც.

ყველაზე მეტად, რომელი ტრეკის შემდეგ მიხვდით რომ მოთხოვნადები ხართ?

ნიკა: ჩვენი მუსიკით სულ ვცდილობთ ნუო-ჰაუს გავცდეთ და აღმოვაჩინოთ ახალი და საინტერესო ბგერების კომბინაციები. ჩვენი ხელოვნება ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ტრეკიდან ტრეკამდე განიცდის მუტაციებს და ევოლუციონირდება. ჩვენც ჩვენს მსმენელებთან და ტრეკებთან ერთად საინტერესო მოგზაურობაში ვართ და ღმერთმა იცის ერთ წელიწადში ჟღერადობის ან პოპულარულობის რომელ წერტილში ვიქნებით. ჩემთვის და, მგონია რომ მსმენელისთვისაც, ეს პირადული მოგზაურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ტრეკები, ამიტომ მიჭირს „მოთხოვნადობის“ შეფასება.

მოკლედ რომ აღგვიწეროთ, როგორ მუშაობთ ტრეკებზე?

ზურა: ძირითადად ჩვენი ყოველდღიურობის დიზაინზე ვმუშაობთ, რაღაცებს ვეჭიდავებით, მერე მოდის საბანა ტონა ბითებით და ინსტრუმენტალით და იწყება მაგია: ზოგჯერ მაქსს წინასწარ აქვს დაწერილი ლექსები, ძირითადად, ინსტრუმენტალთან ერთად იგონებს, ხანდახან ისე ხდება რომ დღესა და ღამეს ვათენებთ სტუდიაში, იმდენად გვითრევს ბითებით და სიტყვებით თამაში. ისეც მომხდარა რომ ქალაქი გამოგვიცვლია და თან წაგვიღია მანქანით სტუდია, იქ გვიმუშვია, ხან მთებში, ხან ზღვის პირას.

მაქსი: დილას რომ დავწერე ტექსტი, ზურა 4 თვის დაკარგული იყო, გუკა კიევის კრემატორიიდან რომ ჩამოვედით მალევე დაიჭირეს და გრინჩი ღრუბლებით აპრიალებდა უკიდეგანო ლოურაიდერს. მე კიდე მაინც ალაგ-ალაგ ვრეკავდი დილასთან, იქნებ გამერტყა და აეღო. ბოლოს სხვაგან დავრეკე და პირატი აკვალანგისტის ხოდი დავდე, მერე საბანამ ბიტი შეაცურა, მე ფლეიტის მელოდია დავწერე, ამ დროს გამოჩნდა ზურა, გუკა გამოვიდა ციხიდან, დილა მარტო ჩვენ სამზარეულო სტუდიაში გამოჩნდა და გადაადო დილას ვერსი, მერე kfj-ის (Kung Fu Junkie) ლოგოდან გაჩნდა Kayakata-ს ლოგო, იმის მერე დუღდება ხოლმე ჩაიდანი და წუის.

ნიკა: ჩვენი ტრეკების შექმნის პროცესი თითქმის ყოველთვის ჩვენს გარშემო და ჩვენს შიგნით არსებული მდგომარეობებისა და გრძნობების ბგერად გარდაქმნაა. რეალობის ერთგვარი კონვერტორები ვართ. თვითონ ინსტრუმენტალების წერა ჩემთვის გაუკონტროლებელი პროცესია, ხშირად ბითის ჟღერადობას ვერც ვაკონტროლებ, მაინც ჩემი გრძნობებისა და ხასიათის ანარეკლივით გამომდის. შემდგომ ბითები სტუდიაში მომაქვს და მანდ უკვე იწყება დილას და მაქსის მაგია. იმდენად სინქრონიზირებულად ვმუშაობთ, რომ ინსტრუმენტალის მოსმენისას მაქსიც და ზურაც ზუსტად ხვდებიან ჩემს ჩადებულ ემოციებს და უკვე სხვა მატერიით – თანხომვნებისა და ხმოვნების ლესვით ავრცობენ.

რომელმა ჰიპ-ჰოპ არტისტებმა იქონიეს განსაკუთრებული გავლენა თქვენს ჰიპ-ჰოპ დუოზე? რა რატომ?

ზურა: დუოს ვერ ვიტყვი, აქ ტრიოა, მაგრამ ტრიოც არაა, Kayakata იმაზე მეტი ადამიანია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფრაზა „აქ ჩემი ტომი დგას“ ჰაერზე არაა ნათქვამი, ტრეკების კეთებისას ან წერისასაც აქ ბევრი ჩვენი ახლობელი ადამიანი ტრიალებს და თავისი აურით თუ საჩუქრებით გავლენას ახდენს პროცესზე და პროცესის მონაწილეც ხდება. მუსიკის მხრივ ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა არტისტებმა როგორიცაა: გალაკტიონ ტაბიძე და ჯონ ბალანსი ჯგუფიდან COIL.

მაქსი: ალბათ, რამდენადაც მისი ელიოტმა, იმდენად ქარის და წვიმის ხმამ და რიჩი საკამოტომ, ბათუმის პორტმა, ციგნებმა, სეგამ, შვეიცარიამ და მჟავამ იქონია ზეგავლენა.

რა შედის პროექტის სამომავლო გეგმებში?

ზურა: ალბომი ჯერ არ გამოგვიშვია, ახლა ვგეგმავთ, ის იყო „ჩელენჯი“ – ერთი თვის განმავლობში დაგვედო კვირაში თითო და კარგი ტრეკი, ჩემი აზრით, კარგად მოვაბით თავი, თან ვიხალისეთ, თავი დავიტესტეთ თუ რამდენად ვიყავით ფორმაში. სამომავლო გეგმებში შედის ალბომი, ფიტები ქართულ და არაქართველ არტისტებთან, ვიდეო, რომელიც კარგად წარმოაჩენს Kayakata-ს, UNDERSKY-ს და LTFR-ის დუხს და კონცერტი-რიტუალები ქვეყნის გარეთ.

მაქსი: სამომავლო გეგმები ისეთი დიდი და ულევი და დეტალურია, რომ სჯობს თქვენით ნახოთ შედეგი.

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც KAYAKATA-ს ქმნიან?

ზურა: ყველა, ვინც გრძნობს, რომ ამ დიდ ტომს ეკუთვნის. აქ მართლა ყველანი არიან: ხულიგანი ბავშები ედემის გეტოებიდან და აისიდან ამოცურებული ლამბორჯინის პასაჟირები, მეგობრები, ვინც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და მეგობრები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი უყენიათ თავში.

KAYAKATA ყოველთვის იდგა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით აქციებზე – რა როლს ასრულებს აქტივიზმი ხელოვნებაში?

ზურა: ჩვენი ტომი თავისუფლების დროშის ჩრდილში ისვენებს და ეს დროშა, რაც შეიძლება, მაღლა უნდა იყოს აწეული და, რაც შეიძლება, შორს უნდა ჩანდეს მისი შლეიფი. ჩვენ არა მარტო ჰუმანური ნარკოპოლიტიკის აქციებზე ვყოფილვართ, ვიყავით ყველგან, სადაც ადამიანები თავისუფლებას და ადამიანურ პატივისცემას ითხოვენ, და ასე იქნება სულ, სანამ ჩვენი მეგობრები, ან მათი მეგობრები, ან ჩვენთვის სრულიად უცხო ადმიანები გაითელებიან არასწორი კანონის, ან ვინმეს პირადი ინტერესების გამო. გვეყო ყველას რამდენიც იხდის სასჯელს, რამდენიც იჯდა, რამდენიც გავიარეთ, ახლა აისის დროა და გვინდა დიდი ფერადი დროშით დავხვდეთ მას. „ჩვენს უკან აისია“ და „ჩვენს უკან ჰიმალაიაა – კავკასიონი“.