გაერო “სველი ბაზრების” საერთაშორისო აკრძალვის შესახებ

Photo By Jason Beaubien

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით გაეროს კონვენციის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ელისაბედ მარუმა, ე.წ. “სველი ბაზრების” გლობალურ აკრძალვას ითხოვს. მსგავს ბაზრობებზე ცოცხალი და მკვდარი გარეული ცხოველები გალიებში არიან მოთავსებულები და მათ საკვები დანიშნულებით მოხმარებისთვის ყიდიან.

ელისაბედ მარუმამ ორშაბათს  The Guardian-თან საუბრისას ახალი გზავნილი გააჟღერა – „თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ბუნებაზე, ის იზრუნებს ჩვენზე“.

კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, ძირითადად, ჩინეთისკენ იყო მიმართული. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ჩინეთს ბაზრების მკაცრად გაკონტროლებისკენ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად სწორედ ვუჰანის „სველ ბაზარს“ უკავშირებენ COVID-19-ის გავრცელებას.

ექსპერტთა მოსაზრებით, მსგავს ბაზრობებზე დაავადების გავრცელების რისკი, ანტისანიტარიის, ეგზოტიკური ცხოველების გაყიდვისა და მათთან ფიზიკური სიახლოვის გამო, გაცილებით მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა იანვრის ბოლოს, კორონავირუსის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა გარეული ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება.

მარუმამ განაცხადა, რომ მხოლოდ “სველი ბაზრების” აკრძალვით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება, ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ამ ცხოველებზე, როგორც მათ საარსებო წყაროზე.

ჯინფენგ ჟოუ, ჩინეთის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მწვანე განვითარების ფონდის გენერალური მდივანი, ასევე ამბობს, რომ “სველი ბაზრების” საერთაშორისო აკრძალვა ხელს შეუწყობს ველური ბუნების დაცვას და ადამიანების დაცვას ველურ ბუნებასთან არასათანადო კონტაქტებისაგან.