პუტინის ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ

ბავშვები მსოფლიოში მომხდარი ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლნი არიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც უკრაინაში მიმდინარე ომია. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის აგრესიას 115 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 140-ზე მეტი კი დაშავდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც რუსეთმა ობიექტებზე იერიშის მიტანა განურჩევლად დაიწყო და შედეგად, ბავშვები ამ ომის სამიზნედ იქცნენ.

ფოტო: SOPA Images

UNICEF-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 1.5 მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა. მათმა უმეტესობამ ოჯახებთან ერთად თავი მეზობელ ქვეყნებს: პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვასა და რუმინეთს შეაფარა. თუმცა, უკრაინაში ამ დრომდე მილიონობით ბავშვი რჩება, რომელთა მომავალიც გაურკვეველია.

მარიუპოლში, ხარკოვში, სუმსა და ჩერნიგოვში საცხოვრებელი უბნებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გრძელდება. შედეგად, დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე დროის პერიოდში რუსეთის აგრესიის გამო დაახლოებით 1,900 სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის 726 გარდაიცვალა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, სავარაუდოდ, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

10 მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რუსული არმიის მიერ სამედიცინო დაწესებულებზე, ჯანდაცვის მუშაკებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებზე თავდასხმის 26 ფაქტი დაადასტურა. შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. ოკუპანტმა განსაკუთრებული სისასტიკე 9 მარტს, მარიუპოლში გამოიჩინა, როდესაც ქალაქში მდებარე სამშობიარო დაბომბა. თავდასხმის გამო ორსული ქალი დაიჭრა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერც ახალშობილის გადარჩენა შეძლეს.

ამ სასტიკ შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

„ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო განყოფილება… როგორ დაემუქრნენ ისინი რუსეთის ფედერაციას? რა არის ეს ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, სამშობიაროების და ანადგურებს მათ? ორსული ქალები როსტოვზე თავდასხმას აპირებდნენ? სამშობიაროში დაამცირეს ვინმე რუსულ ენაზე მოსაუბრე? თუ ეს იყო საავადმყოფოს დენაციფიკაცია? ვიდრე პუტინი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას აგრძელებს, ქვეყანაში არცერთი ბავშვი არ არის უსაფრთხოდ“.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children-ის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფ მილიონობით ბავშვს შორის 100,000-მდე ობოლია, რომელთაგან 700 – ბავშვთა სახლებშია განთავსებული. ამ უკანასკნელთა ნახევარი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. ეს ბავშვები ექსპლუატაციის, ჩაგვრის, გულგრილი მოპყრობისა და ტრეფიკინგის მაღალი რისკის ქვეშ არიან. როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ქვეყნიდან მხოლოდ რამდენიმე ათასი ობოლი ბავშვის ევაკუაცია მოხერხდა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ შორის 1.5 მილიონზე მეტი ბავშვია. მეზობელი ქვეყნები სამშობლოდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს გულუხვად შეხვდნენ, თუმცა ომის გამო უკრაინიდან თავის დაღწევა შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ ლტოლვილები უსაფრთხოდ იქნებიან. მათთვის სხვადასხვა სახის რისკი ქვეყნის საზღვრების დატოვების შემთხვევაშიც იზრდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები საზღვრებზე ტრეფიკინგში ჩაბმული ადამიანების სამიზნეები არიან. ათასობით ობოლი ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისრის, ილვა იოჰანსონის განცხადებით, მათ აქვთ ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის ობოლთა თავშესაფრებიდან კრიმინალებს ბავშვები მოტყუებით მიჰყავთ, თითქოს მათი ნათესავები იყვნენ. ისინი საზღვრებს კვეთენ ბავშვებთან ერთად, რომელთა ტრეფიკინგის მიზნით გამოყენებასაც გეგმავენ. იოჰანსონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მსგავსი შეიარაღებული კონფლიქტები ტრეფიკინგში ჩაბმული ადამიანებისთვის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს, საკუთარი კრიმინალური ზრახვები განახორციელონ.

უკრაინასთან პუტინის ომის დროს ბავშვები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. გარდა იმისა, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, ყველაზე მეტად მდგომარეობას ცეცხლის შეწყვეტა გამოასწორებს. სანამ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, უკრაინაში არ არსებობს ადგილი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან.