უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 2021 წლიდან კვლავ გაიყიდება

Photo by Kostiantyn Stupak

უკრაინის უმაღლესმა რადამ 259 ხმით მიწის რეფორმას მხარი დაუჭირა. 2021 წლიდან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა კვლავ შესაძლებელი იქნება.

რეფორმის თანახმად:

  • 2021 წლის 1 ივლისიდან მიწის ბაზარი გაიხსნება, თუმცა პირველი სამი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ – თითოეული მოქალაქე მაქსიმუმ 100 ჰექტარი მიწის შეძენას შეძლებს.
  • 2024 წლის იანვრიდან უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას შეძლებენ იურიდიული პირებიც. მათ საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი არ უნდა აჭარბებდეს ათი ათას ჰექტარს.
  • აიკრძალება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება.
  • უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შეძენის ინიციატივა საყოველთაო რეფერენდუმზე გავა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, გაიყიდება თუ არა მიწები სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც.
  • ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთრებაში მიიღონ გირაოთი დატვირთული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, თუმცა, ვალდებულნი არიან მიწის მიღებიდან ორი წლის ვადაში მიწა აუქციონზე გაყიდონ.
  • 2030 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი არ შეიძლება იყოს ნაკლები მის ნორმატიულად დადგენილ ფასზე.

ცნობისთვის, უკრაინაში მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ყოველწლიურად ცხადდებოდა. 2017 წელს მორატორიუმი 2019 წლამდე გახანგრძლივდა, ხოლო იმავე წლის ზამთარში პეტრო პოროშენკომ მიწის გაყიდვა 2020 წლის იანვრამდე აკრძალა.

მიწის რეფორმის გატარებაზე დაპირება 2019 წლის აგვისტოში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.  პრეზიდენტის პრესსპიკერი დღევანდელ გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა და მას ისტორიული რეფორმა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა ძალებმა.