დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის დაცულ ზონად დამატებით 400 000 ჰექტარი იქცევა. აღნიშნული შეეხება ტბების მხარის (The Lake District) მთიან რეგიონს ინგლისის ჩრდილო დასავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებულ ტერიტორიას(The South Downs). ბორის ჯონსონი ამ განცხადებით შეუერთდა 65 ლიდერის პირობას, მათ შორის, ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან ერთად, რაც გულისხმობს ბუნებრივი საფარისთვის უკეთესი პირობების შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად ინგლისის ტერიტორიის 26%-ს შეადგენენ. ბორის ჯონსონის დაპირებით, 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთის დაცული ტერიტორიების წილი 30%-მდე გაიზრდება. აღნიშნულის განსახორციელებლად ინგლისი უკვე თანამშრომლობს შოტლანდიასთან, უელსთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან.
ბორის ჯონსონმა საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ სახელმწიფოებმა არსებული სიტყვების მოქმედებებად გადაქცევა უნდა შეძლონ. ბუნების მიმართ გულგრილობა და უყურადღებობა ყველასთვის კატასტროფულ შედეგს მოიტანს. მათი დაპირებების განხორციელება კი უზარმაზარი ნაბიჯი იქნება გარემოს დაბინძურების მოგვარების მხრივ.
გასაკვირი არ არის, რომ გარემოს დამცველები კმაყოფილები დარჩნენ პრემიერ მინისტრის განცხადებით. უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ თუ დიდი ბრიტანეთი სრული სერიოზულობით დაიწყებს ბუნებაზე ზრუნვას, საჭირო იქნება ამ მხრივ ბიუჯეტის ზრდა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა უნდა შეძლოს ბუნებისთვის საზიანო სავაჭრო თუ საინვესტიციო გარიგებების კონტროლი. მათი თქმით, უნდა შემცირდეს იმ საკვების იმპორტიც კი, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს.