ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი ნივთების ყიდვა-გაყიდვა აიკრძალება

პირველი ოქტომბრიდან ინგლისში ძალაში შედის აკრძალვა პლასტმასის საწრუპი ჩხირებისა და ყურის საწმენდი ბამბის ჩხირების გამოყენებაზე. აკრძალვა უნდა ამოქმედებულიყო აპრილში, თუმცა პანდემიის გამო გადავადდა. დღეიდან ინგლისში ყველას ეკრძალება ერთჯერადი პლასტმასის საგნების ყიდვა-გაყიდვა, რეალიზაცია. მთავრობა შეზღუდვისგან ათავისუფლებს მხოლოდ საავადმყოფოებს, ბარებსა და რესტორნებს. ასევე იმ მომხმარებლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებათ ერთჯერადი გამოყენების ნივთები.

Credit: PA Archive/PA Images

გარემოს დაცვის დეპარტამენის ხელმძღვანელის განცხადებით, აკრძალვა მიმართულია პლასტმასის პრობლემის მოგვარებისა და გარემოს დაბინძურების შეჩერებისკენ. ყოველწლიურად ინგლისში მოსახლეობა დაახლოებით 4.7 მილიარდ პლასტმასის საწრუპ ჩხირსა და 1.8 მილიარდ ბამბის ჩხირს იყენებს, რაც დიდ ზიანს აყენებს გარემოს. სხვა სახელმწიფოებმაც გადადგეს პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შარშან, შოტლანდიამ აკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენება. რაც შეეხება უელსს, ქვეყანა გეგმავს მარტში აკრძალოს პლასტმასის გაყიდვა.