გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ვალმა 2 ტრილიონ ფუნტს გადააჭარბა. რეკორდული მაჩვენებელი კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ეკონომიკის აღსადგენად გაცემული დახმარებების შედეგია. ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) თანახმად, ივლისის თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით მთლიანი ვალი 227.6 მილიარდი ფუნტითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 1960-61 წლების შემდეგ პირველად, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს გადააჭარბა. ეკონომისტები ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობენ.

გაერთიანებული სამეფოს კანცლერის რიში სუნაკის განცხადებით, სახელმწიფო ვალის რეკორდული მაჩვენებელი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბიზნესისა და  სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად გაცემული ეკონომიკური დახმარებების შედეგია. თუმცა კანცლერი ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარებების გარეშე ქვეყანა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში დეფიციტმა უკვე 150.5 მილიარდ ფუნტს მიაღწია, რაც საკმაოდ მიახლოებული რიცხვია 2009-2010 წლების რეკორდულ მაჩვენებელთან. 2009-2010 წლების განმავლობაში ქვეყანაში დეფიციტმა 158.5 მილიარდი ფუნტი შეადგინა.