კემბრიჯის უნივერსიტეტში ლექციები 2020-2021 აკადემიური წლის განმავლობაში ონლაინრეჟიმში ჩატარდება. გამონაკლისი, შესაძლოა, მხოლოდ მცირე ზომის სასწავლო ჯგუფებზე გავრცელდეს, რომლებიც პანდემიის დროს გათვალისწინებული წესების დაცვას შეძლებენ.
უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება სოციალური დისტანცირების საჭიროების გამო მიიღეს. კემბრიჯის მსგავსად, მომავალი სემესტრის განმავლობაში ლექციების ონლაინ გადატანის გადაწყვეტილება მანჩესტერის უნივერსიტეტმაც მიიღო.
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, სწავლების ხარისხის შენარჩუნების შემთხვევაში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, სწავლის საფასური იგივე დატოვონ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით ევროპაში მესამეა და პანდემიის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საუნივერსიტეტო კამპუსები სემესტრის ბოლომდე დაიხურა.