კორონავირუსის კრიზისის გამო ბარები და რესტორნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დახურულია. სწორედ ამ პერიოდში, სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ღვინის, ლუდისა და სპირტის შემცველი სასმელების გაყიდვები 31.4%-ითაა გაზრდილი. გარდა ამისა, 22.3%-ით მოიმატა თმის საჭრელი მოწყობილობების და მაკრატლების გაყიდვებმაც.
კორონავირუსის პერიოდში ყოველთვიურად ბრიტანელების მიერ სასურსათო საქონლის შესყიდვებმა £10.8 მილიარდს მიაღწია. აქედან £1.1 მილიარდს შეძენილი ალკოჰოლური სასმელების თანხა შეადგენს, რომელიც, თავის მხრივ, £200 მილიონითაა მომატებული ალკოჰოლის ბუმის პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ, გაყიდვების მიხედვით, ყველაზე პოპულარული სასმელი ღვინოა. მას მოჰყვება ლუდი, ჯინი, ვისკი და სიდრი.
CGA-ის კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მომხმარებელთა დიდ რაოდენობას მამრობითი სქესის ახალგაზრდები წარმოადგენენ.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში 47 000 პაბი მინიმუმ სექტემბრამდე დაკეტილი იქნება.