ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების ხელმძღვანელობით ჩატარებული უახლესი მოდელირების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი შესაძლოა უკვე იყოს ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით.
კვლევის თანახმად, დაავადებამ ბრიტანეთში „ყველაზე გვიან“ იანვრის შუა რიცხვებში შეაღწია. აღნიშნული მიგნება ეწინააღმდეგება Imperial College London-ის მიერ ჩატარებულ მოდელირებას, რომელზე დაყრდნობითაც პანდემიის განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობა საპასუხო ზომებს იღებდა.
ახალი კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაავადება სავარაუდოდ უკვე გავრცელებული იყო პირველი შემთხვევის ოფიციალურ დადასტურებამდე (თებერვლის ბოლო) მთელი ორი თვით ადრე.
კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის თეორიული ეპიდემიოლოგიის პროფესორი, სუნეტრა გუფტა ხელმძღვანელობდა. მან Financial Times-ს განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში უნდა ჩატარდეს სეროლოგიური გამოკვლევები – ანტისხეულების ტესტირება, რათა განისაზღვროს ეპიდემიის რომელ ფაზაში იმყოფება ქვეყანა.
თუკი კვლევის შედეგები დადასტურდება, გამოდის, რომ ათასი ინფიცირებული პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა, რაც აჩენს იმედს, რომ შესაძლებელი იქნება ბრიტანეთის მკაცრი იზოლაციის დაგეგმილზე მალე დასრულება.
ამ დროის მდგომარეობით (02:30, 25 მარტი) ბრიტანეთში კორონავირუსის 8,077 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებული ადამიანებიდან 140 გამოჯანმრთელდა, ხოლო 422 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.