უახლესი კვლევის მიხედვით, ბრიტანელთა 49% მუზეუმებში სტუმრობისგან თავს შეიკავებს

photo – PAUL GROVER/SHUTTERSTOCK

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის უდიდესი მუზეუმებისა და გალერეების უმეტესობამ ზაფხულში ხელახალი გახსნის თარიღი დააანონსა, მაგრამ, უახლესი საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანული საზოგადოება სახელოვნებო დაწესებულებების გახსნის შემდეგაც შეიკავებს თავს სტუმრობისგან.

ბაზრის კვლევა კომპანია Ipsos Mori-მ ჩაატარა და დაადგინა, რომ მოსახლეობის ნახევარი სკეპტიკურადაა განწყობილი თეატრებისა და მუზეუმების ხელახალი გახსნის მიმართ. გამოკითხულთა ორმოცდაცხრა პროცენტმა დააფიქსირა აზრი, რომ ისინი „არ მიესალმებიან“ ან „საერთოდ არ მიესალმებიან“ ბრიტანეთში სახელოვნებო დაწესებულებებისთვის სტუმრობას მიუხედავად რეგულაციებისა და კორონავირუსის გავრცელების მინიმალური რისკისა. კვლევაში მონაწილე ადამიანთა მხოლოდ 24-მა პროცენტმა თქვა, რომ მუზეუმებსა და თეატრებში თავს კომფორტულად იგრძნობენ.

კვლევის თანახმად, ყოველი ათასი გამოკითხული ბრიტანელი მოზარდიდან, დაახლოებით, 51 პროცენტი კმაყოფილია დისტანციური შესყიდვებით, 60 პროცენტი კი შეშფოთებას გამოთქვამს კინოთეატრებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობის გაგრძელებაც 4 ივლისიდან გახდა ნებადართული და რომელთათვისაც შედარებით გამარტივდა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის კვლევა დიდ ბრიტანეთში მაისშიც ჩატარდა, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 17-მა პროცენტმა დააფიქსირა, რომ თავს შეიკავებდა სახელოვნებო დაწესებულებებში სიარულისგან.

შეგახსნებეთ, 8 ივლისს, ბრიტანეთში პირველი მუზეუმი, ლონდონის ეროვნული გალერეა გაიხსნს. მას ეტაპობრივად მოყვებიან სხვა დაწესებულებებიც. დამთვარიელებლებს კი ბილეთების წინასწარ დაჯავშნა, დამცავი ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეში, დაახლოებით, 3000 სტუმარს ელოდებიან, რაც ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.